კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოება “ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ”ორბი ჯგუფის” პროექტი არანაირად არ ჩაჯდება ბახმაროს კონტექსტში:
”ახლა საქმე რაშია.
როდესაც ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტი იგეგმება მთის უნიკალურ კურორტზე როგორიც ბახმაროა, საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა: შეხამება გარემო პირობებსა და იერსახეზე, მოქალაქეთა ჩართულობა პროექტის დაგეგმვისას და განხილვის პროცესებში.
ბახმარო ყველასია.
რატომ გადაეცა “ორბი ჯგუფს” თითქმის 10 ჰ მიწის ფართობი საჩუქრად გურიისა და აჭარის ქუჩებს შორის?
რა დამსახურება აქვთ ასეთი?
რატომ ესწრებოდა პროექტის პრეზენტაციას მხოლოდ ჩოხატაურის მერია?
ეს პროექტი არაფრით არ ჯდება ბახმაროს კონტექსტში.
2019 წლის 17 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და “ორბი ჯგუფს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს მრავალფუნქციური შენობა, 3- 5 სართულიანი, სართულის სიმაღლე 3.0 მ. შენობის ტიპი რკინაბეტონის კარკასი ბლოკის ან აგურის მეშვეობით.
უბანზე 23 ჭაბურღილი იქნა გაყვანილი, ყველაში გრუნტის წყლები გამოვლინდა, მაგრამ ქიმიური კვლევის შედეგად არაა აგრესიული ბეტონებისადმიო.
მშენებლობის ტერიტორია განეკუთვნება სეისმური დარაიონების რუკის მიხედვით 8 ბალიან ზონას.
( ამონარიდი პროექტის გეოლოგიურ-საინჟინრო დასკვნიდან).
წარმოდგენილი პროექტი არანაირად არ ჯდება ბახმაროს იერსახეში. აი თავიდანვე რომ მალულად ხლაფორთობთ, ამას მოჰყვება უდიდესი პრობლემები, თორემ წესიერად, გეგმაზიმიერად შენების წინააღმდეგი ვინ ოხერი იქნება.
ხოლო რამდენად ჯდება ბახმაროს განვითარების გენგეგმასა და ზოგადად ურბანულ განვითარებაში ამაზე მოგვიანებით.
ღამის ბახმარო და ბოლოში ის ..” წერს გორდელაძე.