გურული დები – ეკა და ლანა კულინარიული შოუს “სამზარეულოს ომების” გამარჯვებულები გახდნენ. როგორ მოხვდნენ ამ პროექტში, როგორ მოაწონეს თავი ჟიურის წევრებს, რა სირთულეები დაძლიეს ყოველი ჩაწერის დღეს, როგორი იყო გზა ლიხაურიდან თბილისამდე და როგორია დღეს მათი ყოველდღიურობა? – ამ ყველაფერზე ეკა და ლანა სალუქვაძეები ჯურნალ “გზასთან” საუბრობენ:
– ეკა და ლანა, გილოცავთ წარმატებას, ამ შედეგის მოლოდინი რამდენად გქონდათ?
ეკა:
– დიდი მადლობა ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის, ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი გურიის სიხარულია. დღემდე არ წყდება ზარები, გვირეკავენ, გვწერენ, როგორ გვასახელეთო.
ლანა:
ეკა:
– როდესაც ასეთ პროექტში მიდიხარ, რა თქმა უნდა, ღელავ, დიდი რისკია, გამბედაობას მოითხოვს. შეიძლება რაღაც ისე არ გამოგივიდეს, როგორც გინდა, შეიძლება კერძი ჩაგივარდეს და ა.შ. ჟიურის მოსწონს, როცა ახალ გამოწვევებს ეჭირდები. ძალიან სამართლიანი და ობიექტური ჟიური იყო. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი შოუა და ასეთი მიუკერძოებელი ჟიური ჰყავს.
– მიამბეთ, “სამზარეულოს ომებში” როგორ ჩაერთეთ?
– თავდაპირველად იდეა ბლოგერმა გივიკო დიდიამ შემომთავაზა. მითხრა, იქნებ ამ შოუში მონაწილეობაზე გეფიქრაო. მან მიბიძგა, ბედი მეცადა. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ბევრი ვინერვიულე.
– რატომ?
– სოფელში ვცხოვრობ, აქ ძალიან ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული: ვამუშავებ წისქვილს, ვუვლი ფუტკარს, მოსწავლეები მყავს, მართვის მოწმობის თეორიულ კურსს ვასწავლი, 3 შვილი da ხანდაზმული დედა მყავს. ამ ყველაფრის გამო ცოტათი ვშიშობდი, რამდენად შევძლებდი თბილისში სიარულს. სოფელში არ არის მარტივი, დატოვო ყველა საქმე და წახვიდე. როგორც იქნა, გავბედე და კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი, თან ჩემი დაიკოც დავითანხმე.
– როგორც ვიცი, ეს მარტივი სულაც არ ყოფილა.
– სწორად იცი… როცა სოფლიდან გავდივარ, ჩემი სახლის მოდარაჯედ და ყველანაირი საქმის მაკეთებლად ჩემს სახლში ლანა რჩება.
ლანა:
– როცა მე მიწევს სოფლიდან გასვლა, ჩემს სახლში ეკა რჩება. ანსამბლში “რეხეული” ვმღერი და გასტროლზე ხშირად დავდივართ.
სოფლიდან ორივეს ერთდროულად წასვლა ადვილი არ არის. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. ეკუნამ რომ შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ თან ბჭობა დავიწყეთ, ამდენ საქმეს რა ვუყოთ? ორივე ერთდროულად როგორ უნდა წავიდეთო?
– საბოლოოდ, ეს საკითხი როგორ მოაგვარეთ?
– აქვე ჩემი კლასელის დედა, იზა ბიცოლა ცხოვრობს, რომელსაც იზა ბიცოს ვეძახით. არ ვთვლით, რომ ჩვენი მეზობელია, გულთან ისე ახლოს გვყავს, როგორც ოჯახის წევრი. იზა ბიცომ გვითხრა, საქმის გამო ხელი არ შეიშალოთ, ორივეს ოჯახს მე დავიტოვებ და დედათქვენს მივეხმარებიო. მოკლედ, მისი ხელშეწყობით მოვახერხეთ თბილისში წამოსვლა.
ეკა:
– ისეთი თანადგომა, როგორიც იზო ბიცომ იცის, ქვეყანაზე არ მეგულება, ვინმეს შეეძლოს, ვერავის შევადარებ. ისეთი ადამიანია, სულ რომ შეგიძლია, მისი იმედი გქონდეს.
ლანა:
– ჩემი ანსამბლი თავდაპირველად მგალობელთა გუნდი იყო, შემდეგ გავიზარდეთ, 12 წევრამდე ავედით. რადგან გურიაში არ იყო ქალთა კამერული ანსამბლი, ჩემმა ხელმძღვანელმა ფოტინე გორდელაძემ ძალიან მოინდომა, კვლავ დაიმატა გოგონები და ახლა ანსამბლი 26 წევრისგან შედგება. სხვადასხვა ფესტივალზე ხშირად გამოვდივართ.
– თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?
– მეუღლე და 2 ბიჭი მყავს, ჩემი მეუღლე სამხედრო პირი იყო, 13 წელი თავდაცვის ძალებში მსახურობდა, იბრძოდა ავღანეთში, აგვისტოს ომის მონაწილეა. ოჯახი ძალიან გვგულშემატკივრობდა, ჩემი უფროსი ბიჭი ფინალზეც იმყოფებოდა.
– ჟიურის წინაშე პირველად რომ წარდექით, ალბათ ძალიან ღელავდით, არა?
– რა თქმა უნდა, გურულმა იუმორმაც გვიშველა. დედამ გაგვატანა ჩვენს წისქვილში დაფქული მჭადის ფქვილი, ჩვენ მიერ გამოხდილი თაფლის არაყი, სხვა პროდუქტიც, დიდი კალათით მივედით. ჩემი დიდი ბებია ამზადებდა კერძს, რომელსაც “ცუდგარიე” ჰქვია. ბებია თხილისგან ბაჟეს ამზადებდა ხახვით და შიგნით მოხარშულ კვერცხს დებდა. ჩვენ ეს რეცეპტი გავათანამედროვეთ, ჩვენვე მოვიფიქრეთ ჩხავერის საწებელი, მჭადის ცომი შევაზავეთ გურული სუნელით, რომელიც ძალიან მოეწონათ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მეორე ტურში გადავიდოდით, ოქროს წინსაფარს ნამდვილად არ ველოდებოდით.
– კულინარიით რა ასაკში დაინტერესდით?
– ოჯახში 4 გოგო გავიზარდეთ. დედა არ გვავალებდა, მაგრამ თავად ვიჩენდით ინიციატივას, ხშირად ფქვილში ვიყავით ამოსვრილები, დედა “კულინარობას” არ გვიშლიდა. ლანა განსაკუთრებით აქტიურობდა. 10-12 წლის იყო, ნამცხვრების ცხობა რომ დაიწყო.
– ამ პროექტში თქვენი მთავარი ხიბლი რა იყო, როგორ ფიქრობთ?
– გულწრფელობა და სინამდვილე, როგორებიც ვართ ცხოვრებაში, ისეთი ვიყავით ეკრანზე. კილო გურული მაქვს და ვინმემ რომ მთხოვოს, ვერც შევიცვლი. კამერების წინ არ გვითამაშია. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, ჩვენგან შორს რომ ყოფილიყო.
ლანა:
– გულწრფელობას მაყურებელი და ჟიურიც ყოველთვის გრძნობს. ვფიქრობ, ამის დამსახურებაა ამდენი გულშემატკივარი რომ შევიძინეთ. მხოლოდ გურულები კი არა, ვინ აღარ გვგულშემატკივრობდა, სადაც უნდა მივსულიყავით, ყველგან გვცნობდნენ. სრულიად უცხო ადამიანებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით.
– ჩაწერებზე გურიიდან დადიოდით, არა?
– კი, ყოველ კვირას დავდიოდით, ჩავწერდით გადაცემას და როგორც კი ვასრულებდით, უკან ვბრუნდებოდით.
– თქვენთვის შედარებით რთული რომელი ტური იყო?
– დესერტის ტურში ლანამ ისე გარისკა, ნერვიულობით მომკლა. 1 საათში ტორტი გამოაცხო, დანამა, კრემი მოამზადა, გააფორმა. წარმოგიდგენია, ეს რა რთული საქმეა? მიშა ავსაჯანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შოუს ისტორიაში, იქ ტორტი არავის მოუმზადებია. ეს ძალიან დიდი რისკი იყო.
– კონკურენტებს მეგობრული გარემო გქონდათ, ურთიერთობას ახლაც აგრძელებთ?
– რა თქმა უნდა, დღესაც ყველასთან გვაქვს ურთიერთობა, სოციალურ ქსელში საერთო ჩათი გვაქვს და იქ ერთმანეთს სულ ვეხმიანებით, მოვიკითხავთ.
– ჟიურის შეფასებებიდან გამორჩეულად რა გახსოვთ?
– მიშა ავსაჯანიშვლი რომ გეტყვის – “საღმერთო”, ირაკლი ასათიანი რომ გეტყვის – “გადასარევია”, ანასტასია ბენდუქიძე რომ გეტყვის – “თქვენით ვამაყობ”, ამით ყველაფერი ნათქვამია.
– მკაცრი რომელი იყო?
– ალბათ ირაკლი, არც რამეს მოგაკლებს და არც რამეს მოგიმატებს.
– მოგებული ბინა მოინახულეთ?
– ჯერ არა, ფართობიც არ ვიცი, რამდენია. როგორც ამბობენ, ძალიან კარგი კომპლექსი შენდება. ცხოვრებაში ასეთ საჩუქარზე ვერც ვიოცნებებდი.
– ახლა თქვენი ყოველდღიურობა როგორია?
– ჯერ კიდევ ემოციის ქვეშ ვართ. ყველა გვცნობს, მეორე ქუჩიდან გვესმის ხოლმე გადმოძახილი: გიცანით, გიცანითო!
ეკა სალუქვაძე 3 წლის წინ გავიცანი, “გზის” ფურცლებზე გურული მეწისქვილე გოგოს ამბავი გიამბეთ, რადგან არსად მეგულებოდა მეორე წისქვილი, სადაც ბიბლიოთეკაა და არც მეორე მეწისქვილე გოგო. ეკამ მდინარე აჭისწყალზე 150-წლიანი ისტორიის მქონე წისქვილში დოლაბი ისევ დაატრიალა და წინაპრების მიერ სულჩადგმული საქმე გააცოცხლა. მაშინ ინტერვიუში მეუბნებოდა:
– ლიხაური ულამაზესი და გურიის ერთ-ერთი ძლიერი, სიცოცხლით სავსე სოფელია. თვე-ნახევარია, რაც წისქვილი ავამუშავე, თანხას არ ვიღებ ყოველ 10 კილოგრამ სიმინდზე 1 კილოგრამს ვიტოვებ. ვისაც ცოტა მოაქვს, მათგან საერთოდ არაფერს ვიღებ, ეს ტრადიცია ამ წისქვილში ბაბუას დაუმკვიდრებია და მეც ვიცავ. ეს ერთგვარი პატივისცემაა ჩემი წინაპრების მიმართ, ალბათ მათი სულებიც ხარობენ.
ჩემი წისქვილი იმითაც არის გამორჩეული, რომ იქ პატარა ბიბლიოთეკა მაქვს. 2 წლის წინ, გიორგი კეკელიძემ შემოწირა წიგნები ამ წისქვილს. ისე მოხდა, მე და გიორგი ერთმანეთს ვერ შევხვდით, იმ დროს შინ არ ვიყავი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მას დიდი მადლობა გადავუხადო. რამდენიმე წიგნი თანასოფლელებმაც შემოწირეს.
ხშირად მოდიან ბავშვები და კითხულობენ. მართალია, პატარა ბიბლიოთეკაა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგია. როცა სიმინდს ვფქვავ, მეც ვკითხულობ, პოეზია გამორჩეულად მიყვარს.
– ეკა, წისქვილს ძველებურად ამუშავებ?
– რა თქმა უნდა, ჩემი წისქვილი არ გაჩერდება. სულ აქტიური ვიყავი, მდორე ცხოვრება არასდროს მქონია, აქამდე გურია თუ მიცნობდა, ახლა ვინ აღარ გამიცნო. “სამზარეულოს ომებში” კი მოვიგე ბინა თბილისში, მაგრამ მე ლიხაურელი ვარ და აქაურობას ვერასდროს დავთმობ.