ოფიციალური ინფორმაციით რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.
რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური იტყობინება.
უწყების თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური კოლონიაში კომისიას გზავნის.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, – თქვა პესკოვმა.
პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ინფორმირებულია.
14 თებერვალს 47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.
სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.