1912 წლის გაზეთ კავკაზის ცნობით, რამდენიმე წლით ადრე ჩოჩხათის საზოგადოების სოფელ გულიანში გლეხები გზის შეკეთებაზე მუშაობდნენ, მიწის ამოთხრისას ისინი გადააწყდნენ მღვრიე სითხის დინებას, რომელსაც მაზუთის სუნი ჰქონდა და შემოწმების შედეგად ნავთობის საბადო იქნა დადასტურებული.
.
2023 წელს გურიაში მეწყრული მოვლენები, სწორედ გურიის ნავთობის გავრცლების არეალში განვითარდა, რის შემდეგ რამდენიმე პირისაგან მოვისმინე, რომ ზოგიერთ დამწეყრილ ადგილში ნავთობის სუნი იდგა, რომელიც მიწიდან ამოსულ მღვრიე წყალს ჰქონდა.
.
გურიის ნავთობის ზონად და ყველაზე დიდი პერსპექტივის საბადოებად მიიჩნეოდა: ნატანებში – ნარუჯა-იაკობის და საღმრთოს საბადოები, რომლებიც მდებარეობდა გრიგორი ბაქანიძის ფერმის მიმდებარედ. ასევე პერსპექტიულად ითვლებოდა ნავთობის მოპოვება – ომფარეთში, ღრმაღელეში, გულიანიში, საკუპრეში, მიქელ გაბრიელში, ბაილეთში და გურიანთაში.
.
გურიის ნავთობზე ძალიან ვრცელი მსჯელობა რუსეთის სამეცნიერო წრეებში 1870-იანი წლებიდან დაიწყო და ამასთან დაკავშირებით არაერთი სამთო ინჟინერის და მეცნიერის ნაშრომი არსებობს, სადაინაც ნათლად ჩანს, რომ რუსები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული გურიის ნავთობით და მას ბაქოს ნავთობის საპირწონედ და უფრო მეტი სარგებლის მომტანადაც მიიჩნევდნენ. გურიაში ნავთობის მოპოვებისათვის ხელსაყრელ პირობად ითვლებოდა გურიაში მტკნარი წყლის სიჭარბე, რომელიც აუცილებელი იყო ნავთობის ამოღებისათვის და მეცნიერთა აზრით ეს ზღვასთან სიახლოვესთან ერთად დიდ უპირატესობას აძლევდა გურიის ნავთობს ბაქოს საბადოებთან შედარებით.
.
საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა 1880-1881 წლებში, როდესაც ბაქოს ნავთობის ევროპაში გატანის მიზნით ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა იწყებოდა. მათ შორის არის 1881 წელს რუსულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა მენდელეევის სტატია – “სად ავაშენოთ ნავთობის ქარხნები?”, რომელშიც ის აკრიტიკებს ბაქოდან ბათუმში ნავთობის ტრანსპორტირებას და უთითებდა, რომ ბათუმსა და ფოთს შორის არის ნავთობის დიდი საბადოები, რომლის ტრანსპორტირება ევროპაში გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა.
.
მენდელეევი წერდა – “რა ვუყოთ ბაქოს ნავთობს? . . . ფოთსა და ბათუმს შორის ზღვასთან ახლოს, არის ადგილები ნავთობის აშკარად გამოხატული ნიშნებით, სადაც დაიწყეს ბურღვითი სამშაოები, მაგრამ გაუტყდათ საბურღი და მიტოვეს საქმე, რომელიც იმსახურებს უფრო კარგ და ენერგიულ გამოკვლევას.”
.
ასევე – “აქედან გამომდინარე მეწარმე, რომელიც საქმეს დაიწყებს ბათუმსა და ფოთს შორის სადაც ნავთობი ნამდვილად არის, ერთ ფუთზე ბაქოელ მეწარმეზე 20 კაპიკით მეტ სარგებელს ნახავს. აი ასეთი ფასით ნავთობი გავა მარსელში ან ხმელთაშუაზღვისპირეთში, მაგრამ არა ბაქოდან არამედ პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროდან, სადაც ნავთობი იყო, არის და იქნება”.
.
წყარო
– Сборник материалов по вопросу о нефтяных месторожденях гурии (1927).
– Кавказ 1912 г. №26
– ფოტოზე გულიანის კანტორა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა