„ზურაბიშვილს თუ აქვს პრეტენზია, იყოს ევროპელი ტიპის პოლიტიკოსი, მარტო პოლიტიკური მიმომხილველობა და შეფასებები საკმარისი არ არის, მან უნდა დაინახოს მისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში“ – ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ხელმოწერებს აგროვებენ საქართველოში, საზღვრებს გარეთაც, იგეგმება პარტნიორების გააქტიურებაც, რის შემდეგაც, ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება დღის წესრიგში დადგება.
”ჩვენ უნდა გავაჩინოთ ის ფაქტორი, რომლის ფარგლებში ის ვალდებული იქნება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს პრეტენზია იყოს ევროპელი ტიპის პოლიტიკოსი, სახელმწიფოს მეთაური და ამ პასუხისმგებლობით ცდილობს ის, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება განახორციელოს, მარტო პოლიტიკური მიმომხილველობა და შეფასებები საკმარისი არ არის, მან უნდა დაინახოს მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულების და ის, რომ დღეს სიცოცხლის საფრთხე არსებობს-არ არსებობს ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რა პირობებში იმყოფება, საკაცით, რომ გამოსაყვანი იქნება ციხიდან, ეს ნორმალური დამოკიდებულება არის?“ – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილის შეფასებით, ნავალნის გარდაცვალების საქმემ „აჩვენა, რომ დემოკრატიული საზოგადოება არ უნდა იყოს ინდეფერენტული იმ მდგომარეობის მიმართ, რომელიც არსებობს საქართველოში, რუსეთში“.
”როდესაც საუბარია ნავალნის და მიხეილ სააკაშვილის შედარებაზე, ცოტა შევეწინააღმდეგები ამ კუთხით საკითხის დაყენებას, მე პირადად მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მეგა მასშტაბის პოლიტიკოსი და ლიდერი მგონია, ვიდრე ნავალნი არის. ჩვენ უნდა შევადაროთ იმ კუთხით, რომ ავტორიტარული რეჟიმები როგორ ექცევიან დემოკრატიისთვის მებრძოლ ლიდერებს. ეს საფრთხე არის. რომ არა ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ახლა ნავალნის შემთხვევაში განხორციელდა და აქაც არსებობს, მარტო ესაა პრობლემა და როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ არ შევადარებდი ნავალნის და მიხეილ სააკაშვილის ქეისებსო.
მიხეილ სააკაშვილი მართლა ფიზიკურად არსებობისთვის იბრძვის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს,“ – ამბობს ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილის თქმით, „ოცნებას“ სააკაშვილის ეშინია, რადგან მესამე პრეზიდენტს ამომრჩევლის მაღალი ნდობა აქვს.
”მიხეილ სააკაშვილი არ არის ქართული ოცნების მარტო თავის ტკივილი, ეგზისტენციალური საფრთხე არის მათთვის, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი რომ იყოს დღეს, საერთოდ არ დადგებოდა დღის წესრიგში ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე იმდენი გამოწვევა არის, მართლა ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, ნამდვილად ხალხი თავისუფალ არჩევანს გააკეთებდა და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა ექნებოდა,“ – ამბობს ბეჟაშვილი.