ხელვაჩაურის მერია სოციალურად დაუცველებს შეშას გაზაფხულზე დაურიგებს – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხელვაჩაურის მერს მიმართავენ.
ისინი სოციალურად დაუცველებისთვის 1 000-ლარიან დახმარებას ითხოვენ. პარტიის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფინანსურ დახმარებას ის ბენეფიციარები იმსახურებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 53 000 არ აღემატება.
მამუკა ჯევაიშის თქმით, ადგილობრივები უსახსრობის გამო, ზამთარს რთულ პირობებში ხვდებიან. საკრებულოს დეპუტატის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველებს შეშითა და საწვავით მომარაგებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი მოტყუებულები დარჩნენ.
“სათბობი ბრიკეტით დაკმაყოფილდება 375 ოჯახი, უკვე შეძენილია 222 ტონა ბრიკეტი. მოწყვლად ჯგუფებს, გასულ წელს ასევე გადაეცათ საშეშე მასალა. რაც შეეხება, ბრიკეტის გაცემას უახლოეს დღეებში დაიწყება მოქალაქეებზე გადაცემის პროცესი,” – უთხრა გამოცემას მერიამ.