საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გააქტიურებაა მოსალოდნელი და ეს სავარაუდოდ კავშირშია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან – ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან” საუბრობს და ასახელებს კონკრეტულ ზონებს, სადაც მოსალოდნელია მეწყერი.
შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, ღვარცოფის მოვარდნამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წელს, 7 თებერვალს კი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ზოგადად გაართულა სტიქიური მოვლენების პროგნოზირება, თუმცა შოვის შემთხვევაში იყო დარღვევები, რამაც გაზარდა ტრაგედიის მასშტაბები.
„რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდები, რომ დაჩქარებული იქნებოდა სტიქიური მოვლენები და ამისათვის საჭირო იყო წინასწარი გეგმა, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად ავირიდებდით თავიდან ტრაგიკულ შემთხვევებს.
„შოვში ძალიან დიდი საფრთხეები იყო და ყველამ კარგად იცოდა ამის შესახებ, თუმცა არანაირი ღონისძიება არ გატარებულა და არანაირი წინასწარი გეგმა არ ყოფილა, რადგან არავინ ელოდა ეს მასშტაბური მეწყერი ასე მოკლე დროში თუ მოხდებოდა. კოტეჯები კი, რომელიც იყო აშენებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო.
„ბაღდათში მომხდარი მეწყერი უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო. ახლა იქ კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი წარმოიშვა. თუმცა ახლა ვიცით რომელი ზონებია საფრთხის ქვეშ და უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რომ მოსახლეობა აღარ დაზარალდეს”, – აღნიშნა ჩხობაძემ.
მისივე აზრით, სტიქიურ მოვლენების გააქტიურებს უახლოეს მომავალშიც უნდა ველოდოთ, მისგან თავის დაცვა კი შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კი ჩხობაძე იმაში ხედავს, რომ ქვეყანას არ ჰყავს არც ერთი უწყება, რომელიც ამ ღონისძიებების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.
„კლიმატი იმდენად შეცვლილია, რომ ერთი თვის უხვი ნალექი ახლა შეიძლება ერთ დღეში მოვიდეს. წინასწარ განსაზღვრა, თუ რა ზონებია საფრთხის ქვეშ, შეუძლებელია, თუმცა რისკია დიდ და მცირე კავკასიონზე, ასევე აჭარა-თრიალეთის ქედზე.
„ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, რთულია ყველა ზონის წინასწარ ათვისება და პროგნოზის გაკეთება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხის თავიდან აცილება არ შეგვიძლია. ამისათვის ძალიან ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი: მონიტორინგის სისტემა უნდა მუშაობდეს სათანადოდ და მუდმივად დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს, პასუხისმგებლობები უნდა გადანაწილდეს სწორად და რაც მთავარია, მოსახლეობა მუდმივად უნდა იყოს ინფორმირებული.
„უნდა გამოიყოს ის ზონები, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილების სისტემები. ქვეყანას არ ჰყავს არც ერთი უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ამ პროცესებს გაუწიოს კოორდინაცია”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.