“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ნადირაძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ქართველ ოლიგარქს “თაღლითს” უწოდებს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი “წინასაარჩევნოდ აცრემლებულ ივანიშვილს ხედავს”, რომელიც საკუთარი დაპირებებით სოციუმის სიცრუეში შეყვანას ცდილობს.
ნადირაძე საზოგადოებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაღალი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კვლავ კორუმპირებული “ოცნება” დარჩება, საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.
”ხალხი წინასაარჩევნოდ აცრემლებულ ბიძინა ივანიშვილსა და გაცემულ დაპირებებს ხედავს, რომელთა უმრავლესობაც ტყუილ დაპირებად რჩება ხოლმე. დღეს ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა, რომ არჩევანი იქნება ევროპასა და არა ევროპას შორის, სინამდვილეში ხალხისთვის არჩევანი ბევრად მარტივია. რჩება ბიძინა ივანიშვილი, რჩება გაჭირვება, სიღარიბე, გაზრდილი ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ხალხი ქვეყნიდან გარბის და რჩება ისევ ეს კორუმპირებული სისტემა. თუ რაიმეს გაკეთება გინდა ხელისუფლებას ერთი ვადა, მაქსიმუმ ორი ვადა არის საჭირო, რომ რამის გაკეთება მოასწრო და ესენი მესამე ვადით რჩებიან. მათ ყველა დაპირება გასცეს, მაგრამ არც ერთი არ გაკეთებულა და ამ დაპირებების ადამიანებს აღარ სჯერათ. 12 წლის განმავლობაში თაღლითი ადამიანი ერთი და იგივე ტყუილ დაპირებას ჰპირდება და ეს არ სრულდება, ამ ადამიანებს აღარ სჯერათ”, – ამბობს ნადირაძე.