“გურიის მოძრაობა” და „ბავშვთა ამხანაგური სამართალი“ – ბავშვთა შეკრებები ოზურგეთსა და დვაბზუში

“გურიის მოძრაობა” და „ბავშვთა ამხანაგური სამართალი“ – ბავშვთა შეკრებები ოზურგეთსა და დვაბზუში
.
1902-1906 წლების გურიის მოძრაობა ალბად ყველაზე საინტერესო პერიოდია გურულების თავგადასავალში. ალბათ ამ ამბებიდან კი ყველაზე საინტერესო მაინც „ბავშთა შეკრებებია“, რომლის ჩატარების მიზანი ის გახლდათ, რომ ბავშვები თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას თავადვე ცდილობდნენ და ყველა გადაწყვეტილებას ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით ღებულობდნენ.
.
გაზეთ ივერიის ფურცლებიდან დგინდება, რომ ბავშვების შეკრებები და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვა და ე.წ. ბავშვთა სასამართლო გურიისათვის დამახასიათებელი ამბავი ყოფილა, „ივერია“ აღწერს ოზურგეთში 1905 წლის 29 მაისის და სოფელ დვაბზუს 1 ივლისის ბავშვთა შეკრებებს. რომელთა მიხედვითაც – „პატარა ორატორები“ ამბობდნენ, რომ ჯერ პატარები იყვნენ, მაგრამ – „თუ აქედან არ შევუდექით პატიოსნებას, გონების განვითარებას, გასწორებას და სხვა ამფერებს მერე გვიან იქნებაო“ ასევე „ახლანდელ ამბებში“ დიდებს არ ჩამორჩენ და მათსავით იმოქმედონ.“
.
„ჩვენი დროის დამახასიათებელი ამბავი მოხდა (ოზურგეთში) : ერთი კუთხის პატარა, არა უმეტეს 10-14 წლის ბაშვებმა, კრება მოახდინეს თავიანთ „საჭირ-ბოროტო კითხვების“ გამოსარკვევად! კრებას დაესწო 30 ბავშვი.“ ამ კრებაზეც ერთ „ეშმაკი“ ბავშვი “ცუდი ენის” კრებიდან დაუთხოვიათ, ატირებულა ეს ბავშვი უთხოვნია – „ძამიებო! ნუ მიზამთ ამას, ნუ დამღუპავთ, ნუ მომჭრით საქვეყნოთ თავს და სიტყვას გაძლევთ, ყველაფერში თანაგრძონასა და მორჩილებას გიცხადებთო.“ კრებას უმსჯელია ამ საკითხზე და შეუცვლია გაძევების გადაწყვეტილება.
.
ოზურგეთის ბავშვთა კრებას „დიდის მსჯელობის“ შემდეგ დაუდგენია – „ყველა ჩვენგანს ევალება, რომ არავითარი ისეთი არ ჩაიდინოს, რაიც უზნეობას შეადგენს“ მოკლედ დადგენილებით ყველა კრების წევრს ეკისრებოდა შემდეგი ვალდებულებები:
– ცუდი სიტყვებით არავის მიმართოს;
– არ „იეშმაკოს“;
– ამხანაგებს არ წაეჩხუბოს;
– არ შეიგინოს;
– მშობლების გამგონე იყოს;
– არაფერი არ მოიპაროს;
– უთავბოლო თამაშის ნაცვლად წიგნები იკითხონ;
– არავინ გაბედოს ერთი მეორის „ჩასმენა“;
– არავინ გაბედოს რაიმეს გამჟღავნება;
.
ბავშვებს თავისი „სასამართლო“ ჰქონიათ, რომელიც საქმეს „ამხანაგური სამართლით“ იხილავდა და „სასტიკად დასჯიდა“ დადგენილების დამრღვევს, ეს სისასტიკე ანუ ყველაზე დიდი სასჯელი კი „ბოიკოტი“ გახლდათ. საინტერესია ის, რომ ყველა კრების დამთავრებისას ღებულობდნენ დადგენილებას, რომლის ნამდვილობასა და შესრულების ვალდებულებას კრების ყველა დამსწრე ფიცით ადასტურებდა, დადგენილების შეუსრულებლობა კი “ბოიკოტით” ისჯებოდა.
.
სოფელ დვაბზუში 1905 წლის 1 ივლისს ჩატარებულა ბავშთვთა შეკრება, რომელზეც ბავშვის მიერ ჩადენილი ქურდობის საკითხი განუხილავთ – „გურულთა დამახასიათებელი ამბავი მოხდა“, აქვე არის ბავშვების მიერ გამართული მიტინგ/სასამართლოს მსვლობაც – „მთელის სოფლის ბავშვებმა – პატარა ქალებმა და ბიჭებმა თავი მოიყარეს ერთად და მიტინგი მოახდინეს; მიტინგზე თვით პაწია ქურდიც დაიბარეს, დამნაშავემ ფიცი მისცა ამახანაგებს, – ამის შემდეგ ხასითს გავისწორებ და არც არაფერს მოვიპარავ, არც არავის ვაწყენინებო. ბავშვთა კრებამ დანაშაული აპატივა;“
.
დვაბზუს შეკრებაზე ბავშვებს დადგენილება მიუღიათ – „გაიჩინონ ბავშვებმა თავიანთვის კასსა, სადაც თითოეულმა მათგანმა თითო შაური უნდა შეიტანოს თვიურად. როდესაც უწყებული თანხა შეგროვდება, ამ ფულით უნდა დაარსონ საყმაწვილო ბიბლიოთეკა და შეძლების გვარად უნდა დახმარება აღმოუჩინონ მეზობელ ბავშვ-ამხანაგებს, ობლებსა და ღარიბებს. თუ ვინიცობაა ამ დადგენილებას რომელიმე მათგანი არ შეასრულებს, კრების გადაწყვეტილებით ბოიკოტი უნდა გამოეცხადოთ ასეთ ურჩ ამხანაგებს.“
.
– გაზეთი „ივერია“ 1905 წელი #89
– ივერია 14.07.1905 წელი N117
– გურული „ბაღანა“ ყატარის ეროვნული ბიბლიოთეკიდან – 1870-80 წელი, ერმაკოვის ფოტო.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share