საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში კრემლის მოსალოდნელი ჩარევის შესახებ აფრთხილებს სტრატეგიული პარტნიორი. ვაშინგტონის გზავნილი თბილისში ელჩმა გააჟღერა. რობინ დანიგანის თქმით, კრემლი რისკს წარმოადგენს ყველა დემოკრატიისათვის. თავად ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევა არაერთხელ დადასტურდა. 2-წლიანი გამოძიების შედეგად ითქვა, რომ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა მასშტაბური და სისტემური ხასიათის იყო. ამერიკის დაზვერვის ანგარიშის ცნობით კი, 2020 წლის არჩევნების დროს, პუტინი ინფორმირებული იყო და დიდი ალბათობით, უშუალოდ გასცემდა ნებართვას შედეგზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
მანამდე თითქმის იგივე SkyNews-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა:
“ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით. არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ. შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”.
შემეძლო რთულად საპატივსაცემო, მაგრამ მაინც სპიკერისა და დეპუტატის კომენტარების კომენტირება იმის ხაზგასმით დამეწყო, რომ ოცნება ოღონდ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არაფერში დაეთანხმოს და ჯიბრში ჩაუდგეს, თვით აღიარებულ ჭეშმარიტებებსაც კი უარყოფს, როგორიც მაგალითად დასავლურ დემოკრატიებსა და სამეზობლოში გავლენების გასაზრდელად კრემლის არჩევნებში ჩარევების დადასტურებული მცდელობებია და ამის მაგალითსაც ბევრს მოგიყვანდით.
მაგრამ საკმარისია მხოლოდ ბოლო დღეების დინამიკას დავაკვირდეთ, რომ დავასკვნით, საქმე გაცილებით მძიმე და საშიშ მოვლენასთან გვაქვს, ვიდრე ეს უბრალოდ მორჩილების რეჟიმიდან გასული ფიგურის მიმართ გამოვლენილი შიზოფრენიული ახირებაა. კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, რას ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე:
“ასეთი განცხადებებით ცდილობენ წარმოჩენას თითქოს ჩარევის წყარო არის მხოლოდ რუსეთი და ამით ადუნებენ ყურადღებას სხვა მიმართულებით. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, მისი განცხადებები კიდევ ერთხელ, აღარ წარმოადგენს დიდ ინტერესს ჩემსას. ვატყობთ, რომ ხაზგასმაა რუსეთის ჩარევის პრობლემაზე, ამას ვის ეუბნებიან, ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია”.
ანუ, ქართული ოცნება და ივანიშვილის ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის ჩარევის საფრთხეზე ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მინიშნება-გაფრთხილებები ყურადღების მოდუნების და გადატანის მცდელობაა, რომ ნამდვილი საფრთხის წყარო სხვა ცენტრებიდან მოდის და არ გაუვათ, ამას არ დაუშვებენ! როგორ ფიქრობთ ეს “სხვა” ვინაა? ჩრდილოეთ კორეა? ირანი? ჩინეთი? ვარაუდებით თავს ნუ აიტკივებთ. ამაზეც დილიდან იზრუნა ჩვენმა, ბოლო ხანს კობახიძის მისიის საკუთარ თავზე მტვირთველმა და განსაკუთრებით გააქტიურებულმა სპიკერმა და საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ დონორებს, კონკრეტულად კი “ევროპის დემოკრატიის ფონდს” შეუტია. მისი მგზნებარე, რისხვითა და მუქარით აღსავსე მიმართვა ასეთი ფრაზით თავდება: “იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება პარტიების დაფინანსება, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს და იქნება ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში. უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. მივმართავ ყველა დონორს, ყველა საელჩოს, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში”.
ახლა დააკვირდით როგორ რბილდება ამ კაცრი, შუბლშეჭმუხნილი სპიკერის ტონი, როცა ჟურნალისტები კითხვას სვამენ: რატომ უშვებს ხელისუფლება თბილისში კრემლის და უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით დაარსებული და მოქმედი ორგანიზაციის “სკოლკოვოს” ეგიდით კონფერენციის ჩატარებას, რომელიც რუსული “რბილი ძალის” არაკომუფლირებული, არამედ სრულიად ღია და დემოსტრაციული გამოხატულებაა.
“მიუღებელია, რომ რამე ასეთი გავლენის გასაზრდელად იყოს გამოყენებული მსგავსი ღონისძიებები. სანქციების გვერდის ავლა არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება ცალკე ღონისძიებას, შეხვედრას, არ ვიცი, რა დონეზე შეიძლება სახელმწიფო ამ დონეზე ჩაერიოს”.
მოკლედ საქმე ასეა: საქართველოს კონსტიტუცია, კანონებისადმი ზედმიწევნითი მორჩილება და საფრთხეების შეფასების დოკუმენტების შინაარსი გვეუბნება, რომ საზღვარი რუს დისიდენტებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, მით უმეტეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ უნდა გადმოვაკვეთინოთ, ქართველების მკვლელი სეპარატისტული რეჟიმების და მათი მოსკოველი მფარველების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები არ აღვძრათ და ჩვენი და რუსების “შინაურულ საქმეებში” დასავლელის პარტნიორების ჩართვა და რეაგირება არ დავუშვათ. პარალელურად, კი პუტინისა და “უსაზღვრო საქართველოს” მოყვარულ მოამაგეებს გული და ჯერ კიდევ არსებული სახელმწიფო საზღვარი უპრობლემოდ გავუხსნათ, დავხვდეთ, მოვეფეროთ, ვუცეკვოთ, ვასიამოვნოთ და იმათ, ვინც ასეთი ქცევის გაპროტესტებაშია შემჩნეული, რითაც ქართველების ნაწილის მიძინებულ სინდისს და თავმოყვარეობას ოდნავ მაინც აფხიზლებს, ის მიზერული დახმარებაც კი ჩავუჭრათ და შევუზღუდოთ, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული ქვეყნების დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდებიდან მოდის და იმ პოსტერების დაბეჭდვას ხმარდება, სადაც პუტინი არაკორექტული, მაგრამ მისთვის შესაბამისი ეპითეტებითა და ფორმებითაა გამოხატული, და რომელსაც გაკვრისთანავე, ქართული პოლიციისა და მერიის ოპერატიული ძალისხმევით ვხევთ და ვფხეკთ. უნდა ჩამოვფხიკოთ აბა რა… სკოლოკოვოს კონფერენციაზე ჩამოსულ რუსებს, ან თბილისში დროის სატარებლად მაიბახებით მოსეირნე მოსკოველ ბიზნესმენებს და FSB-ს მაღალჩინოსნებს ხომ არ შევუქმნით დისკომფორტს მათი ველური ბელადისადმი არასათანადო პატივის გამოხატვით. თან “სტრატეგიული პარტნიორიო”… ეს ისე სიტყვის მასალად და შემორჩენილი მხარდამჭერების დასაბოლებლად… თორემ ბიძინას ოცნებას სტრატეგიული საფრთხე მკაფიოდ განსაზღვრული და იდენტიფიცირებული აქვს, დასავლეთი და დემოკრატია. აკი გვითხრა კიდეც დღეს ბატონმა სპიკერმა – რუსეთის ჩარევის საფრთხეზე ლაპარაკით ყურადღებას გვიდუნებენო, სხვა საფრთხიდან ჩვენი ფოკუსის გადატანას ცდილობენო… მართალია ეს კაცი, რუსი თუ ჩაერია სამისოდ ჩაერევა და დასავლეთი თუ ჩაერია… აი, ამის დაშვება კი არაფრით არ შეიძლება!