მას შემდეგ, რაც Facebook-მა და Instagram-მა „დიდი შეფერხების“ შემდეგ წვდომა აღუდგინა მომხმარებლებს, ათასობით ადამიანი მაინც ვერ ახერხებს საკუთარ გვერდებზე შესვლას.
„მეტას“ მომხმარებლები ვერც მობილურ ტელეფონსა და ვერ ელექტრონულ ფოსტაზე ვერ ახერხებენ მიიღონ სისტემაში შესასვლელად აუცილებელი ერთჯერადი კოდი.
რატომ და რამდენი ხნით დაიკარგა წვდომა „მეტაზე“?
გუშინ, 5 მარტს, „მეტას“ მომხმარებლებმა მთელ მსოფლიოში საკუთარ “ექაუნთზე” წვდომა, საქართველოს დროით, დაახლოებით 19:00 საათიდან ვეღარ შეძლეს.
“დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ხალხს შეეზღუდა ჩვენს ზოგიერთ სერვისზე წვდომა. რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარეთ პრობლემა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”, – განაცხადა მოგვიანებით Facebook-ის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა და არ განმარტა, რეალური მიზეზი რა იყო.
რამდენ ადამიანს შეეხო „დიდი შეფერხება“?
Meta-ს, რომელიც სოციალურ ქსელებს: Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს აერთიანებს, ყოველდღიურად დაახლოებით 3,19 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. საქართველოში ამ ქსელებს ასიათასობით ადამიანი იყენებს.
Meta-ს ყველა მომხმარებელი გუშინ ერთი საათის განმავლობაში ქსელიდან „გამოვარდა“.
Facebook-სა და Instagram-ზე მარტო მე ვერ ვახერხებ დაბრუნებას?
იმ უმცირესობაში ხართ, ვისაც არ გაუმართლა.
სოციალურ ქსელებში უმტკივნეულოდ დაბრუნდნენ ისინი, ვინც ქსელში შესასვლელად აუთენტიფიკატორ აპლიკაციებს იყენებს. მათ, ვინც ამ აპლიკაციებს იყენებდა, საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მარტივად აღიდგინეს.
ბოლო რამდენიმე თვეა Meta საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდებს გამოიყენონ ერთჯერადი კოდის მისაღები აპლიკაციები, როგორიცაა, მაგალითად, Google Authenticator (გადმოსაწერი ბმულები: ეფლი, ანდროიდი) და Microsoft Authenticator (გადმოსაწერი ბმულები: ეფლი, ანდროიდი).
რაში გჭირდებათ აუთენტიფიკატორი?
ორმაგი ავტორიზაცია, რომლისთვისაც საჭიროა აუთენტიფიკატორი აპლიკაციები, მინიმუმამდე ამცირებს სოციალური ქსელის გატეხის რისკებს. სისტემა ყოველ 30 წამში ერთხელ აახლებს 6-ნიშნა კოდს (ინსტრუქცია). სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სოციალური ქსელის ანგარიშის გატეხის საფრთხე მინიმუმამდეა შემცირებული.
იმავე აუთენტიფიკატორის გამოყენება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზეც.
არის ვინმე, ვისაც არ ჰქონდა აუთენტიფიკატორი და Facebook-ზე ისევ შედის?
დიდი ალბათობით, არა. მათი დიდი ნაწილი, ვინც ერთჯერად კოდს მხოლოდ SMS-ითა და Email-ით იღებდა, ამ დრომდე ვერ ახერხებს Facebook-სა და Instagram-ზე შესვლას. მათ სისტემიდან ან არ მისდით, ან მისდით მოძველებული კოდი.
საკუთარ ანგარიშებზე წვდომა არ შეწყვეტიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, ვისაც მონაცემები დამახსოვრებული ჰქონდათ „ბრაუზერებში“ და სოციალურ ქსელში შესვლა არ უცდიათ „დიდი შეფერხების“ დროს. ყველას, ვინც იმ მომენტში ცდილობდა სოციალურ ქსელში შესვლას, სისტემა ავტომატურად აგდებდა.
ბოლო-ბოლო, როგორ დავბრუნდე ფეისბუკსა და ინსტაგრამზე?
საკუთარ “ექაუნთზე” წვდომის აღდგენის კიდევ ერთი გზა პაროლის განახლებაა. თუ არცერთი ეს გზა ეფექტიანი არ არის, ამ ეტაპზე Facebook-ი სხვა გამოსავალს არ სთავაზობს მომხმარებელს.
და თავიდან რომ დავრეგისტრირდე?
შეგიძლიათ, თუმცა ალბათ თავადაც ხვდებით, რომ თქვენი ფოტოები, სტატუსები, მიმოწერები, მეგობრები, – ყველაფერი, რაც გქონდათ Facebook-სა და Instagram-ზე წინა ანგარიშზე, ახალ „ექაუნთზე“ არ გადმოგყვებათ.
„მეტამ“ რამე თქვა ამ პრობლემაზე?
ჯერ არაფერი სასარგებლო. ამ ეტაპზე Meta საკუთარ მოხმარებელს პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად სთავაზობს, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, რათა დარწმუნდნენ, რომ მითითებული მონაცემები სწორია.
რადიო თავისუფლება