მოსკოვში დააპატიმრეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც საკუთარ Wifi-ს “დიდება უკრაინა” დაარქვა. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ “ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების” გავრცელებაში ცნო.
სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის ოფიცერმა ქსელის სახელი ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ოფიცრებმა სტუდენტურ საცხოვრებელში მისი ოთახი შეამოწმეს და პერსონალური კომპიუტერი და WiFi-ს როუტერი ამოიღეს.
ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთში ათასობით ადამიანს მიესაჯა პატიმრობა, ან დაეკისრა ჯარიმა.