“ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე მიტანილ იერიშს.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დაღუპულ ადამიანებს ხსოვნა მიაგო და განმარტა, რომ უკანასკნელი ცნობებით, ოკუპანტების თავდასხმამ 20 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
”ახლა ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარების უზრუნველყოფა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და ახლობელს.
ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ,” – განაცხადა ზელენსკიმ.