პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფორმულას გადაცემა ღამის კომენტართან ინტერვიუში პირველად ისაუბრა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებაზე.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, როგორც ნიკა მელია, ასევე ნიკა გვარამია მისი მეგობრები არიან. ის “იმედს გამოთქვამს”, რომ მათ გათვალეს რისკები და აქვე ამბობს, რომ “საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”.
“ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ აისახება ახალი პარტიის შექმნა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ “ენმ-ის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაშია სააკაშვილი და სად არის ფასეულობების ზუსტი გამოხატულება, რომელსაც თაობებმა მიუძღვნეს სიცოცხლე”.
“ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება”, – ამბობს სააკაშვილი.
კითხვაზე, ფიქრობს, რომ ახალი პარტიები ხელს უწყობენ საარჩევნო შედეგში ოპოზიციურად განწყობილი ხმების კაპიტალიზაციას, თუ პირიქით, შესაძლოა მათმა გამოჩენამ ოპოზიციის ფრაგმენტაცია უფრო გააძლიეროს”, სააკაშვილი ამბობს, რომ “ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები”.
“ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში. 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ. ახლა ჩვენ თავს გვახვევენ წვრილმან დებატებს არაფერზე და ეს აღიზიანებს ხალხს. ხალხი ითხოვს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა დიდი ეროვნული დეპრესიისგან, უპერსპექტივობისგან, შევაჩეროთ ემიგრაცია და ქვეყნიდან გასულები დავაბრუნოთ უკან. ამისთვის აუცილებელია გავარღვიოთ ნეპოტიზმის, უსამართლობის, უპერსპექტივობის მოჯადოებული წრე.
რა დროს პიროვნული გარჩევებია – ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ქართველი ხალხის გენოციდი მექსიკაში, ნარკოკარტელის ნესტიან სარდაფში ალპობენ უამრავ ქართველს. ვინ არიან ეს ქართველები? ესენი არიან გლეხები, რომლებმაც საწვავზე მაღალი ფასების გამო ვერ დაამუშავეს მიწები, ან საერთოდ დაკარგეს მიწა აგროკრედიტის გადაუხდელობის გამო. ესენი არიან მამები, რომლებიც ვეღარ კვებავდნენ საკუთარ შვილებს და ამიტომ გადაწყვიტეს მათი მამის გარეშე დატოვება, ოღონდ, საჭმლის ფულის გამოგზავნა შესძლებოდათ. ნარკოკარტელები მარტო მექსიკაში არ იყვანენ ქართველებს მძევლად”, – ამბობს სააკაშვილი.