საქართველო-ლექსემბურგის საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ – ბილეთების შოვნა 26 მარტის მატჩზე, სადაც საქართველო საბერძნეთს ეთამაშება.
შეხვედრამდე სამი დღით ადრე, 23 მარტს, ექვს საათზე ნაკლებ დროში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასასწრები ყველა ბილეთი ისე გაიყიდა, რომ ფეხბურთის ათასობით ქომაგმა, მიუხედავად მრავალსაათიანი მცდელობისა, ბილეთი ვერ იყიდა.
ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, აქ გადაწყდება, გადავა თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
ახლა 10-, 20-, 30-, 40- და 50-ლარიანი ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე ათმაგ ფასად იყიდება, თუმცა გარანტია, რომ ამ ბილეთით სტადიონზე ნამდვილად მოხვდები, არ არსებობს.
„დილის ცხრა საათიდან ვარეფრეშებდი“
კინოპროდიუსერი და ჟურნალისტი, ფეხბურთის ქომაგი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, რომელსაც ნაკრების არცერთი საშინაო მატჩი არ გაუცდენია, 23 მარტს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდაTKT.GE-ზე ბილეთების შეძენას და „გამუდმებით არეფრეშებდა“ საიტს, იქნებ გამიმართლოსო.
დღის 12 საათისთვის ის რიგში 89 ათას მერამდენეღაცა იყო – ბილეთების ყიდვის შანსი, ფაქტობრივად, ნულს რომ გაუტოლდა, ალექსანდრემ ხელი ჩაიქნია.
ახლა ისღა დარჩენია, რომ საქართველო-საბერძნეთის თამაშს ტელევიზორში უყუროს:
„1000 ლარს ბილეთში ნამდვილად ვერ გადავიხდი, ჩემთვის ეგ ძალიან ძვირია. მირჩევნია, დიდ ეკრანზე ვუყურო, ვიდრე ვიღაც გადამყიდველისგან ვიყიდო და შიშის კანკალში ვიყო, ამ ბილეთით საერთოდ შევალ და თუ ვერ სტადიონზე“.
ბილეთებს „ჩაუსაფრდა“ სპორტული ჟურნალისტის, ეკა ელოშვილის მთელი სამეგობროც, რომელთაც ასევე არ გამოუტოვებიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების არცერთი მატჩი და ამ თამაშზე დასწრებაც მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
ბილეთი ვერცერთმა მათგანმა ვერ იყიდა.
„რიგის ნომრები რომ დავინახეთ, მივხვდით, რომ სასწაული ხდებოდა, უბრალოდ შანსი არ გვქონდა. ვისაც ყველაზე უკეთესი პოზიცია ჰქონდა, მან ცდა გააგრძელა, 6 საათი არ ამდგარან, მაგრამ უშედეგოდ – ეს ის ხალხია, ვინც აქტიურად ესწრება ყველა სპორტულ ღონისძიებას, ფეხბურთი იქნება, რაგბი, კალათბურთი თუ ძიუდო. ეს ხალხი ღამე რომ გააღვიძო, ზეპირად გეტყვიან ყველა სტატისტიკას, კალენდარს, გასულ და მომავალ თამაშებს“, – გვეუბნება ეკა ელოშვილი.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ასეთ დროს, გამოსავლად, ეკაც და ალექსანდრეც სეზონური ან წლიური აბონემენტის შემოღებას მიიჩნევენ – ეს პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არსებობს. ამის გაკეთება კი ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია.
„ფეხბურთი სახალხო სპორტია და გასაგებია, რომ ადამიანებს უფრო მეტად უნდათ თამაშზე დასწრება, როცა ნაკრები იგებს. ისიც გვესმის, რომ ვინც დაასწრებს, ბილეთსაც ის ყიდულობს, მაგრამ ჩვენნაირი ხალხისთვისაც უნდა არსებობდეს შესაძლებლობა. მე სტადიონზე დავდივარ 1999 წლიდან. მაშინაც კი, როცა სტადიონი ცარიელია ხოლმე. აბონემენტი რომ არსებობდეს, ვიყიდდი და ამ ნერვიულობას, რაც ამ დღეებში გავიარე, ავცდებოდი“.
შეიძლება გამოსავალი ბილეთების გაძვირებაც იყოს, – გვეუბნება ალექსანდრე, თუმცა, მისი აზრით, ფეხბურთის ფედერაცია, ალბათ, მაინც ეცდება, ფასის გაზრდით არავინ გააღიზიანოს.
„დაბალი ფასით, ფაქტია, რომ ისევ გადამყიდველები სარგებლობენ და შავ ბაზარზე ყიდიან იაფად ნაყიდ ბილეთებს 200 ლარად, 500 ლარად ყიდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბილეთის რეალური ფასიც სწორედ ესაა, მაგრამ ფედერაცია ასეთ რაღაცებზე თვალს ხუჭავს“.
თავად tkt.ge – პლატფორმა, სადაც ბილეთები იყიდებოდა, წერდა, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულ დროში – 6 საათზე ნაკლებში გაიყიდა და, რომ ბილეთის შესაძენად რიგში იდგა 337,600 ადამიანი.
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე სულ 54 000 მაყურებელი ეტევა.
„სამნი ვცდილობდით – მხოლოდ ერთს გაუმართლა“
დილის ათ საათზე, სამი სმარტფონით და ერთი პირადი კომპიუტერით დაიწყეს ბილეთების ყიდვა ნათია ახალაშვილმა და მისმა ორმა შვილმა. რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ ბილეთების ყიდვა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო.
„შავი ბაზარი“
23 მარტს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ფეისბუკზე არსებულ ჯგუფში სახელწოდებით „ბილეთების შავი ბაზარი“, რომელიც 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ყოველი მეორე პოსტი სწორედ ბილეთების ყიდვის მსურველების იყო.
„გთხოვთ, ერთი ბილეთი!!!“.
„2 ბილეთი მინდა ადამიანურ ფასად“.
„მინდა სტადიონზე ვთხოვო ხელი ჩემს შეყვარებულს, მჭირდება 2 ბილეთი. ვინც მაჩუქებს, ქორწილში დავპატიჟებ“.
„ბავშვი ამ დღეზე ოცნებობდა, დაგვითმეთ ერთი ბილეთი“, – წერდნენ მატჩზე დასწრების მსურველები.
მალე გამოჩნდნენ ე.წ. გადამყიდველებიც, რომლებიც 10-, 20- და 50-ლარიან ბილეთებს 100, 200, 500 ლარად და უფრო ძვირადაც ყიდდნენ.
ასეთ დიალოგსაც შეხვდებოდით:
– რამ გაგაგიჟათ, ძმაო, რა 700 ლარი, საქართველოა. 100 ლარს მოგცემ თითოში
– არა.
– ანუ, 2 ცალ, 10-ლარია ბილეთში გინდა 700 ლარი?
– კი
– კარგი, ძმაო, იმედია ცხოვრებაში ვერასოდეს იყიდი ვერაფრის ბილეთს…
ჯგუფში მიმოწერის ისეთი სქრინებიც გავრცელდა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს თაღლითობის შესახებ აფრთხილებდნენ და წერდნენ, რომ ასეთი გადამყიდველებისგან არ ეყიდათ ბილეთი.
ერთ-ერთ ასეთ პირად მიმოწერაში, ბილეთის ყიდვის მსურველი გამყიდველს პირადად შეხვედრას სთხოვდა, რაზეც ის უარზე იყო და ბილეთის ჩვენების გარეშე წინასწარ ითხოვდა თანხის ჩარიცხვას.
წერდნენ მოტყუებულებიც, რომ გადამყიდველებს თანხა გადაურიცხეს, რის შემდეგაც ისინი ფეისბუკზე „დაბლოკეს“.
უამრავი უკმაყოფილო, იმედგაცრუებული კომენტარიც დაიწერა.
„ბილეთების საწყისი ფასი, 10 ლარი არის ერთ-ერთი მიზეზი ამ სიგიჟის. თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა, ნაკრების თამაშზე ბილეთის მინიმალური ფასი 100 ლარიდან უნდა იწყებოდეს. ეს მინიმუმამდე დაიყვანს გადამყიდველთა რაოდენობას და ჩვენი გადახდილი ფული რეალურად ფეხბურთს მოხმარდება და არა ვიღაცის შავ ჯიბეს. მემარცხენეები ნუ დაიწყებთ შფოთვას, მაინც მაგდენს იხდით ხელზე გადამყიდველისგან“.
„ვეძებ ადამიანს ჩემს FB მეგობრებში, რომელსაც აქვს წვდომა ბილეთებზე – სულ ერთია, რა ფორმით: ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ქოცობით, ნაცობით, ყველაფერზე თანახმა ვარ“.
„ეს ამდენი უბილეთო რომ ერთ ჭიშკარს მივაწვეთ, რა მოხდება?“
ზოგიერთმა ფეისბუკგვერდმა ბილეთების გათამაშება მოაწყო – ბილეთი მას ერგებოდა, ვინც ყველაზე დამაჯერებელ მიზეზს დაწერდა, რატომ სურდა 26 მარტს სტადიონზე მოხვედრა და ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებდა.
ზოგმა გადამყიდველების დაჯარიმება მოითხოვა. პეტიციის შექმნის იდეაც კი გაჩნდა.
მაქვს რამე შანსი, ახლა ვიშოვო ბილეთი?
არის რამდენიმე:
- თუ ვინმე თავისას დათმობს და გაჩუქებთ.
- თუ გაგიმართლებთ და გადამყიდველი არ მოგატყუებთ.
- თუ ვინმე, ვინც წასვლას აპირებდა, გადაიფიქრებს და თავის ბილეთს გაყიდის.
ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, ბილეთები მატჩის დაწყების წინ, სტადიონის შესასვლელთანაც გაყიდოს ვინმემ, თუმცა, ასეც რომ მოხდეს, გაცილებით ძვირი იქნება – ნაყიდ ფასში ბილეთს აღარავინ ყიდის.
26 მარტის საფეხბურთო მატჩი იმიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მისი შედეგი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.
რადიო თავისუფლება