მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გალაშქრული “ოცნების” ლიდერები – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს და მამუკა მდინარაძეს “პროპაგანდის ავანგარდში” მყოფ პოლიტიკოსად მოიხსენიებს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი “საჯარო პოლიტიკის” ეთერიდან ამჟამინდელ ხელისუფლებას დღის წესრიგში რეალური პრობლემების დაყენებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, ივანიშვილის გუნდი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, კლეპტოკრატიული ქცევებით გამოირჩევა.
“ოცნების” რეჟიმი არის უსუსური თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რაც რეალურად არის ქვეყანაში. იმ საკითხებს, რაზეც ჩვენი ხალხი ფიქრობს, მოწყვეტილია სრულად. თუნდაც მაღალი ფასები, ემიგრაცია, ამ საკითხების მოგვარება არ შეუძლიათ. ამ საკითხების გადაჭრას უნდა ცოდნა, კორუფციის არდაშვება, სწორი პოლიტიკის გატარება. ამის გაკეთება არ უნდათ, ამიტომ შემოაქვთ რაღაც წვრილმანები. ის კი არა, რომ შემოგვთავაზონ ეკონომიკური გეგმა, ამის მაგივრად სხვადასხვა რაღაცას იგონებენ, ერთ-ერთი ვითომდა ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლაა. ეს ტიპები პროპაგანდის ავანგარდში არიან. მდინარაძეს უჭირავს დროშა და გვესაუბრება, რომ თურმე ძალიან შეწუხებულია, რომ არ უნდა დაუშვას, უნდა აუკრძალოს და კონსტიტუციაში თუ არ გამაგრდა, ისე დავიღუპეთ ხალხო. ცდილობენ, რომ საზოგადოება გამოგონილი, აბსურდული საფრთხეებით შეაშინონ”, – ამბობს ცისკარიშვილი.