მასწავლებლები ვიხდით შემოსავლის 20%-ს ბიუჯეტში, ეს გამოიყენონ სასკოლო კვებაზე – აფხაზავა

დასრულდა სასკოლო კვების კვირეული, რომელიც 14-19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა სკოლებში.

კვირეულის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა, სასკოლო კვებაზე თავიანთი იდეები წარმოადგინეს. კვირეულში ჩართული იყო ჩიბათის საჯარო სკოლაც.

„ბათუმელები“ ჩიბათის სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და ის, თუ როგორ გამოკვებეს 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, როგორ შეადგინეს მენიუ და რამდენი ლარი დაჯდა ამის ორგანიზება.

„ორი დღე მქონდა არჩეული – 18 და 19 მარტი. მენიუ შევადგინე ექიმის რეკომენდაციით და ბავშვებთან ვისაუბრეთ კვებასთან დაკავშირებულ ჰიგიენაზეც.

იმისთვის, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იყოს ყურადღებით, იყოს აქტიური და ჩართული სასწავლო პროცესში, ამისთვის არის საჭირო ჯანსაღი კვება“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ჩიბათის სკოლაში ორდღიანი სასკოლო კვებისთვის საჭირო თანხა – 500 ლარი, ლადო აფხაზავამ საკუთარი ხელფასიდან გაიღო.

ერთი ბავშვის გამოკვებაზე 2.60 ლარი იყო გათვლილი.

„დავხარჯე 559 ლარი და გამოვკვებეთ 215 მოსწავლე.

გვქონდა ხილის ასორტი. ხუთი სახეობის ხილი იყო დაჭრილი – ფორთოხალი, მწვანე, ყვითელი და წითელი ვაშლი, კივი და ბანანი.

არაჟანში გავურიეთ ცოტა შაქარი და ვანილი სიტკბოსთვის და გადავუსვით დაჭრილ ხილს.

ეს იყო დესერტი.

სადილის თეფშზე გვქონდა ბოსტნეულის სალათა, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული გამოვიყენეთ, ასევე, ნახევარი ნაჭერი ლობიანი და კაი დიდი ნაჭერი გურული ღვეზელი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ჩიბათის სკოლაში დამზადებული საკვები მოსწავლეებისთვის

მისი თქმით, კვების ეფექტი მალევე აისახა ბავშვების განწყობაზე. იმ ორ დღეს, ბავშვები თითქოს უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ.

„დიდ დასვენებაზე გავაკეთეთ ეს აქცია და მინდა გითხრათ, რომ დიდი დასვენების შემდეგ, მესამე-მეოთხე გაკვეთილზე ყოველთვის ხმაური იყო სკოლაში, აყალ-მაყალი.

ზოგი გარეთ გადარბოდა მარკეტში და ზოგიც სად. იმ დღეს, როცა ბავშვები გამოვკვებეთ, სადილობის შემდეგ ისეთი სიჩუმე და სიწყნარე იყო სკოლაში, მასწავლებლები ერთმანეთს ვეკითხებოდით – „ხომ მშვიდობაა, რა ხდება“ – თქო.

ისე მოეწონათ ბავშვებს, მესამე დღესაც მოიტანეს ერთჯერადი თეფშები და ჩანგლები, მაგრამ მესამე დღეს უკვე აღარ გვქონდა კვება გათვალისწინებული და ეს რომ დავინახე, კინაღამ გულზე წამივიდა, ცუდად გავხდი.

რა მექნა არ ვიცოდი. პირდაპირ ვერ ვუთხარი, დღეს არ არის კვება-მეთქი. „კვირეული“ გაიგონეს ბავშვებმა და ეგონათ მთელი კვირა გაგრძელდებოდა“, – ამბობს ლადო.

კვების კვირეული ჩიბათის სკოლაში

მისი თქმით, კვირეულის მიზანი იყო კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში კვების საკითხი და რამდენად სჭირდებათ ეს ბავშვებს.

ლადოს აზრით, როცა საზოგადოება ახმაურდება, ხელისუფლებაც დაინტერესდება ამ პრობლემით – გაიგებს, რომ მართლა შიათ სკოლაში ბავშვებს.

„სხვა შემთხვევაში, მთავრობა არ იწუხებს თავს“, – ამბობს ის.

საზოგადოების ნაწილს, მათ შორის სასკოლო საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვს სასკოლო კვებაზე.

მოვისმინეთ ასეთი აზრიც – „ორი ნაჭერი პური ყველას ექნება ოჯახში. შეუძლია ბავშვს წამოიღოს“ და ასე შემდეგ. თუმცა, რატომ არ გადის სასკოლო კვება ორ ნაჭერ პურზე და რატომ სჭირდება ამ პროცესს სისტემურობა, ლადო აფხაზავა ამ საკითხსაც ხსნის.

„გვინდა, რომ სახელმწიფომ ეს პრობლემა აღიაროს და დასახოს მისი მოგვარების გზები. როგორც ვიცი, რაღაც კითხვარებიც დაუგზავნა სკოლებს და იმედი მაქვს, რომ დაიწყო ამაზე ფიქრი.

ითქვა, რომ ორი წლის შემდეგ შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს. დღეს სჭირდებათ ბავშვებს გამოკვეთა, ახლა უჭირს ხალხს. წლების შემდეგ, შეიძლება ისე გაძლიერდეს ოჯახები, რომ აღარც იყოს საჭირო.

ბევრ ოჯახში ბავშვები ბებია-ბაბუის ამარად არიან დარჩენილები. ვერ აკეთებს ის ბებია იმას, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა.

ვერც იმ შვილიშვილს უთხრა – „ადექი დროზე“, „დაწექი ჩქარა, ნუ ათენებ ღამეებს ტელეფონთან“. ამიტომ ეს ბავშვებიც მთელი ღამე კომპიუტერში არიან და სკოლაში რომ მოდიან, სძინავთ გაკვეთილზე“, – ამბობს აფხაზავა.

მისი თქმით, სასკოლო კვება მაინც სისტემურია და არ უსვამს ხაზს სოციალურ უთანასწორობას.

„მაგალითად, სექტემბერში ჩვენ დავიწყეთ ლანჩ-ბოქსის აქცია. ბავშვებს მოჰქონდათ სახლიდან საკვები, მაგრამ ნახეთ რა მოხდა.

ვიღაცამ კონტეინერში ჩადო კიტრი, პომიდორი, სულგუნი, ძეხვი, ყურძენი და ვიღაცას ედო მხოლოდ მჭადი და ყველი. ვიღაცამ კი საერთოდ ვერ მოიტანა.

ვისაც კარგად მოჰქონდა საჭმელი, იმან უთხრა მშობელს, რომ საერთოდ აღარ წავიღებ, რადგან „დიმიტრი სულ მიყურებდა“, „ელენე ჩემს საჭმელს უყურებდა“, მითხრა – „გამიცვალე“ და ასე შემდეგ.

სახლიდან წამოღებულმა საკვებმა აჩვენა სოციალური უთანასწორობა. ატყდა ამაზეც დიდი აყალ-მაყალი. ამიტომ, ოქტომბერში უკვე არავის მოუტანია საკვები. ახლა საერთოდ არავის არ მოაქვს.

ამიტომ, როცა სკოლაში იქნება უზრუნველყოფილი კვება, იქ იქნება ერთნაირი მენიუ და ეს განსხვავებები აღარ იქნება თვალშისაცემი. მთავარია, ყველას ერთნაირი მოუწიოს“, – გვეუბნება ლადო.

სასკოლო კვების დაფინანსებაზე ლადო აფხაზავა სახელმწიფოს წინადადებასაც სთავაზობს.

„მასწავლებლები ხომ ვიხდით საშემოსავლოს 20% ბიუჯეტში? ჩვენი, მასწავლებლების მიერ გადახდილი ეს 20 პროცენტი მოახმარონ სასკოლო კვებას, ვფიქრობ, თავისუფლად ეყოფა“, – ამბობს ლადო.

მისი თქმით, სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს არ უხდება პოპულიზმი.

„განათლებას უხდება პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც სწორ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენი პოლიტიკა კი, სამწუხაროდ, პოპულიზმზეა დამოკიდებული და ყველა ეძებს მარტივ გზებს“, – ამბობს ლადო.

მისი აზრით, თუ სასკოლო კვებას ბიზნესიც შეუწყობს ხელს, მაშინ შესაძლოა უფრო ადვილად მოგვარდეს ეს პრობლემა.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს შემოწირულებების კულტურა, თორემ შესაძლებელია კარგმა ბიზნესმენმა გაუწიოს კურატორობა, მაგალითად, ერთ რომელიმე რეგიონს. მეორე, სხვა რეგიონს გაუწევს დახმარებას და ასე შემდეგ.

ისიც შესაძლებელია, სკოლებმა თავიანთ ნაკვეთებზე მოიყვანონ ბოსტნეული და შემდეგ ერთმანეთს გადაუცვალონ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტი.

ამიტომ, ვინც კვების საკითხს მოჰკიდებს ხელს, ეს უნდა მართოს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სოციალურად დაუცველთა სიაში 600 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული.

იუნისეფის 2017 წლის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

ბათუმელები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share