რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა – სოფო ჯაფარიძე

“რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა”, – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ  ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ახალი თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, წინ აღუდგება ოლიგარქის გუნდის მიერ ხელახლა დაინიცირებული რუსულ კანონს.

”რასაც ისინი დღეს აკეთებენ, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა. მე კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა “ქართულ ოცნებას”, რომ ქართველი ხალხი აიტანს შიმშილს, ბევრ პრობლემას, მაგრამ არასდროს არ აიტანს შეურაცხყოფას. ჩვენ ვიცით და დავინახეთ შარშანაც, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო თავისუფალ საქართველოში თაობა, რომელიც ახლა გაბრაზებულია. გამოსავალი კარგად ჩანს ჩვენს ეროვნულ სიმბოლოზეც, რომ ძალა ერთობაშია. 33 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, 33 წლის შემდეგ ისევ გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისევ უდიდესი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც უკან მიგვაქანებს ანარქიაში, ჭაობში, კორუფციაში, ყველა იმ სიბინძურეში, რასაც რუსეთი ჰქვია. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ კანონს ხელისუფლება ვერ მიიღებს”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება.

ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან – აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share