“რა? სად? როდისის?” 560-ზე მეტი მოთამაშე რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:
“მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია – ევროპა!”.
დღეს, 17 აპრილს ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტში კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.
გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი.
რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.
მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.