“არ არსებობს ღონისძიება, რომელსაც თავს ვერ გავართმევთ” – “ხარებას” საქმეები

მშვიდობიანი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით დასჯა, თვალების დათხრა, ცემა, ძალადობა და სხვა მრავალი დანაშაული – ბოლო წლების თითქმის ყველა სასტიკ ოპერაციას ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” ხელმძღვანელობდა.

“ხარება” განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსია. ის გასცემს ბრძანებას ძალის გამოყენებაზე ხალხის წინააღმდეგ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება. ისიც და მისი რაზმის წევრებიც აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართაც. ე.წ ელიტური რაზმი წლებია ხარებას ემორჩილება და მათი სისასტიკე ბოლო წლებში გამართული აქციების დარბევისას გამორჩეულად თვალშისაცემია.  აღსანიშნავია, რომ შავნაბადას სპეცრაზმში აღარ არიან ის პირები, რომლებიც ამერიკელებმა პროფესიონალურად გაწვრთნეს. მათ დანაყოფი მას შემდეგ დატოვეს, რაც ხელმძღვანელი “ხარება” გახდა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს  ხარება შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი იყო. სწორედ ამ რაზმის წევრებმა დაიწყეს რუსთაველზე შეკრებილი ხალხის დაშლა, როდესაც ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს.

ამ მოვლენების შემდეგ ხარება დააწინაურეს. ვახტანგ გომელაურმა ძველი მეგობარი, რომელთან ერთადაც შევარდნაძის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ დეპარტამენტში მუშაობდა,  არ დაივიწყა და შს მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ,  2021 წელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მთლიანად ჩააბარა.

ის იყო მთავარი ბრძანების გამცემი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს – 2021 წლის თებერვალში. ხარება სუსის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი იყო  აფგან მუხთარლის გატაცების დროს და არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ის ედგა სათავეში უკანონო ოპერაციას. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული   და ჩავარდნილი ე.წ ჩატაევის ოპერაციის დროსაც. გამომდინარე იქიდან რომ იმ პერიოდში ხარება სუს-ის სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, არსებობს ვარაუდი რომ იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის მთავარი შემოქმედიც.

ხარებას კარიერა შევარდნაძის დროიდან იწყება. სისტემიდან არასდროს წასულა და ყველა ხელისუფლებას მორგებული, ყოველთვის მძიმე დავალებების შემსრულებელი იყო. 2009 წელს მუხროვანის ამბოხის დროს ის სოდ-ის სპეცრაზმში იყო და ცნობილია, რომ გენერალ კრიალაშვილის ლიკვიდირებაში პირადად მონაწილეობდა.

უკვე 3 წელია ზვიად ხარაზიშვილს ემორჩილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. ყველა დანაყოფი ვალდებულია შეასრულოს სისასტიკით გამორჩეული ხელმძღვანელის ნებისმიერი ბრძანება. როგორც თავად ამბობს, არ არსებობს ოპერაცია, რომლის შესრულება მისთვის შეუძლებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share