„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდათ პრეზიდენტი, რომელსაც ხის ცხენივით გამოაგორებენ, როცა დასჭირდებათ და მერე შეაგორებენ უკან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.
მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტს ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რადგან პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას.
„საქართველოში გაფორმებულია ოლიგარქიული მმართველობა და მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. მათ უნდათ პრეზიდენტი და ნებისმიერი ინსტიტუტი იყოს სუსტი, ეს ოლიგარქიისთვის დამახასიათებელია.
არამარტო არ გააგებინეს ალიევის ვიზიტი პრეზიდენტს, შეურაცხყოფა მიაყენეს – ისეთი რა საკითხი არსებობს, რაზეც ზურაბიშვილს მასთან უნდა ესაუბრაო. მაშინ რატომ ავირჩიეთ, რატომ დახარჯეს მილიონები ამაში? რატომ ვინახავთ, რად გვინდა მაშინ საერთოდ?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.