ფაქტები არის ჯიუტი – თუ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოში რეფორმების კუთხით, მაგალითად, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა უკუსვლაზე და ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, რომ ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა.
„პასუხი მარტივი და მკაფიოა – დეპოლარიზაციას ორი მხარის მზაობა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის ხვალინდელ მომავალს ეხება. ობიექტურმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი, რომ უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესზე და ერთხელ მაინც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესები დააყენონ. წარმოუდგენელია, დეპოლარიზაცია ორივე მხარის გარეშე.
ფაქტები არის ჯიუტი, თუ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოში რეფორმების კუთხით, მაგალითად, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე. როცა უკუსვლაზე და ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე ვსაუბრობთ, ეს მგონია, რომ აზიანებს და ზოგადად საზოგადოება კარგად ხედავს, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას. ხალხის ნება იზომება არჩევნებზე და ვერავინ ვერ დადგება ხალხის ნებაზე მაღლა. ნედ პრაისი რატომ გვაკრიტიკებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ,”- განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რლმ მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია.
„მათ შექმნეს უკუსვლა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ ქმედებებმა – რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. არსებობს პოლარიზაციის ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.