ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე “ოცნების” გამჭვირვალობის კანონს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს, რომ კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობოები და თავისუფალი მედია, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
სარალიძე არასამთავრობო ორგანიზაციების, კონკრეტულად კი “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წვლილზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ არასამთავრობო იყო ის, ვინც მის ოჯახს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
მოკლული დათუნა სარალიძის მამა თავისუფალი მედიის უმნიშვნელოვანეს როლზეც საუბრობს.
რაც შეეხება ხელისუფლებას და მის პროპაგანდას, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ “არავინ იცნობს მათ ორმაგ სტანდარტს ისე, როგორც მისის ოჯახი”.
”სამწუხაროდ ე.წ.”რუსულ კანონზე”, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი
(გამჭირვალობა არ გინდათ?) გვინდა როგორ არ გვინდა,ყველაფერში გამჭირვალობა გვინდა,დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან დამლაგებლამდე დამთავრებული. ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული(იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს, რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ).არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები, მანახე სადანა არის კორუფციაო, მაგას თუ ვერ ხედავთ სალაპარაკოც აღარაფერია.
2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ჩემი შვილი რასაც დაუყონებლივ მოყვა ცილისმწამებლური ნარატივი და მოკლული შვილის გაშავება და ჩვენი ოჯახის ამოთხრა-ამოძირკვა, ჯერ ერთი მხარე სროდა ტალახს(ე.წ. ქოცბანდა და შემდეგ ე.წ. ნაცბანდა. ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა).
რომ არ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი”და მისი კეთილსინდისიერი გუნდი, რომ არ ყოფილიყო ქალბატონი ნესტან ლონდარიძე, რომელმაც გადადო გვერდზე პირადი ცხოვრება და ჩემს განადგურებულ ოჯახს ფეხზე წამოდგომაში და ცხოვრების ფერხულში დაბრუნებაში დაეხმარა(ამის სანაცვლოდ არა ერთი დარტყმა მიიღო მისმა ოჯახმა ხელისუფლებიდან.სიტყვებიც კი ზედმეტია ნესტანის და მისი თანამშრომლების მიმართ მადლობის გამოსახატად).
ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია არც მე და არც ჩემებს რა მომსახურებაც მათ გამიწიეს და მიწევენ(ძალიან კარგად იცით ყველამ რა ჯდება ფინანსურად ეს მომსახურება)
ანალოგიური სიტყვები შემიძლია ვისაუბრო ტელევიზიებზე, რომლებმაც არ დაიზარეს და ჩვენი ტკივილი დაანახეს ქვეყანას,თუ როგორ გვთელავდა ე.წ. ხელისუფლების ტროლები და თავად ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც ანალოგიურ საქმეებზე დაყრდნობით მოგვევლინა.
არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს როგორც ჩემი ოჯახი.
ამ კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც მოხდა რუსეთში და ფაქტი სახეზე გვაქვს.
ყველას უჩნდება კითხვა, რატომ დასრულდება? კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის???
ამის პასუხი კი ყველაზე ნათელია კანონის ჩანაწერში……
დანარჩენი მოგვიანებით”, – წერს ზაზა სარალიძე.