ნონა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ნონა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს და პარტიის გენერალური მდივნობის კანდიდატად გიორგი ხვედელიანს ასახელებს.

“ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა. მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით – გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის.

ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო, პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იმავე მიზეზით, დავტოვეთ პარტია.

ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის. თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.

ჩვენ, ნონა მამულაშვილი – პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი – პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი”- წერს მამულაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოქჩეინ სისტემით გაიმართება.

***

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”.

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share