ჩოჩხათი – რომაული ლეგიონების კვალი გურიაში
.
გურიაში არქელოგიური თვალსაზრისით ყველაზე უფრო საინტერესო არეალი ალბად ჩოჩხათის თემია, სადაც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს „ნასტეფნარის“, „კიბულაჲს“ და „გორგოშაულის“ („გორგაშაულის“) ნაციხვარები (ნაციხარი).
.
V-VI საუკუნებში ლაზიკაზე ბატონობისათვის ხანგრძლივი დაპირისპირება იყო სპარსეთსა და რომის (ბიზანტიის) იმპერიას შორის. რა დროსაც აღსანიშნავია ე.წ. ლაზიკის ოც წლიანი ომი (542-562 წლები) და დიდი ალბათობით ჩოჩხათში არსებული სიმაგრეებიდან ყველა თუ არა ნაწილი მაინც რომაული სამხედრო ძალების საყრდენი პუქნტი გახლდათ.
.
ჩოჩხათში არქელოგიური კვლევები, როგორც ჩანს პირველად გრიგოლ გურიელმა დაიწყო, რომელიც ჩოჩხათის თემის სოფელ მოედანის ტერიტორიაზე არსებულ უძველესი ნაქალაქარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას აწვდის მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურ საზოგადოებას – „„სუფსის“ სადგურიდან 5 ვერსტზე სოფელ ჩოჩხათში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე იმ ადგილზე რომელსაც „მოედანს“ ეძახიან, სამრევლო ეკლესიის გვერდით, არის ნანგრევები, რომელიც ძველი გადმოცემის თანახმად გახლავთ უძველესი ქალაქის ნაშთები. საჟენის სიღრმეზე გათხრისას დროს ვიპოვე დუღაბით ერთმანეთზე დაშენებული სხვადასხვა ფორმის ძველი აგურები, რომელთა გვედითაც აღმოჩნდა ვერტიკალურად დაყენებული ძალიან სქელი თიხის ერთი არშინის სიმაღლის სვეტები, რომლებსაც ქვემოთ გვერდითა კედლებზე ჰქონდათ გამჭოლი ნახვრეტები.“
.
ლაჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გვერდზე განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია – “გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა სადრაძე) 1995 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. მოედანში (ჩოჩხათი) დაზვერვითი სამუშაოებისას მიაკვლია ძველი სასიმაგრო ნაგებობის კვალს. ანაკრეფ მასალაში აღმოჩნდა აგურის ფრაგმენტი ლათინური წარწერით LEG. ეს ფილა იდენტურია ბიჭვინთაში აღმოჩენილ ფილასთან, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით XV ლეგიონისაა და გვაფიქრებინებს, რაღაც სტრატეგიულ პუნქტს, რომელიც ფაზისის ციხეს ზურგიდან ,,ბარბაროსების” შეიარაღებული ძალების თავდასხმებისგან იცავდა. ფილა მეცნიერებმა II-IV სს. დაათარიღა.”
.
„ნასტეფნარის“, „კიბულაჲს“ და „გორგოშაულის“ ნაციხვარების კვლევა 1978 წელს განახორციელა ნ. აფხაზავამ – „ნასტეფნარი“ წარმოადგენს მაღალ გორაკს, რომელიც სოფელ ჯიხანჯირის აღმოსავლეთითა აღმართული. გორაკის თავზე დიდი მოედანია, რომელზედაც შეიმჩნევა მცირე ნანგრევის ნაშთები. მონეტები მათ შორის ყოფილა გაფანტული, აქვე ჩანს დუღაბის ნამსხვერევები და კერამიკის ფრაგმენტები. „ნასტეფნარის“ აღმოსავლეთით და დავლეთით ორი ნაციხვარი გორაკი, „კიბულაჲს“ და „გორგოშაულის“ ნაციხვარები. მათ შორის დღესაც შეიმჩნევა ნაგზაურის ნაშთები, რომელსაც ჯიხანჯირელები „საეტლო გზას“ უწოდებენ. „კიბულაჲს ნაციხვარი“ „ნასტეფნარის“ დასავლეთით მდებარეობს იგი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავია. აქ კარგად ჩანს ზღუდისა და შენობის ნაშთები; ერთ ადგილას კი ქვისა და აგურის შერეული საამშენებლო წყობაა („რომაული“ ?). კიბულაჲს ნაციხვარიდან მოჩანს თითქმის მთელი კოლხეთის დაბლობი, განსაკუთრებით კი მისი სამხრეთი ნაწილი. „გორგოშაულის“ ნაციხვარი უფრო მომცროა და ნაგებია მოზრდილი ცალპირგათლილი ქვით. სამთავე გორაკზე ვაკრიფეთ არქეოლოგიური მასალა, იგი ძირთადად ფეოდალური ხანისაა. მათ შორის გვხვდება თოკური, რელიეფური წიბოებით, „სავარცხლის“ მონასმებითა და სხვა მოტივივებით შემკული ქვევრების, დოქების, ლუთერიუმებისა და სხვ. ჭურჭლის ფრაგმენტები. კიბულაჲს ნაციხვარზე ბლომადაა კრამიტის ნამსხვრევებიც.“
.
რაც შეეხება ზემოხსენებული ტოპონიმებს: „კიბულაჲ“ – “კიბული” ანუ კიბისებური ან ტერასებიანი ადგილი/მთა; გურიაში არაერთი ასეთი ტოპონიმია – გორა ან ღელე; „გორგოშაული“ ან „გორგაშაული“ – სიტყვის ფუძე გახლავთ გორგოშა, რომელიც მამაკაცის საკუთარი სახელია, ტბეთის სულთა მატიანეში მოხსენიებულია გორგოშასძე „სულსა გორგოშასძისა გიორგისა და მისისა მეუღლისა თამარისასა შეუნდვენ ღმერთმან“, ამავე სახელთანაა დაკავშირებული გვარი გორგოშიძე. ასევე სპარსულად „გორგა“ ნიშნავს მგელს და ზოგიერთი მკვლევარის აზრით აქედანც მოდის ქართველების სპარსული დასახლება. რაც შეეხება „ნასტეფნარს“ იგი დაკავშირებული უნდა იყოს წმინდა სტეფანესთან, უფრო სწორედ მისი სახელობის ეკლსიასთან ან სალოცავთან.
.
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Москоскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.);
– საქართველოს მუზეუმის მოამბე XXX-B 1981 წელი; ნ. აფხაზავა, მივლინება ჯიხანჯირში – განძის აღმოჩენის ადგილზე
– ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზემის გვერდზე არსებული ინფორმაცია 21.03.2023 წელი;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა