„ჯიხური“ – კოლხური კოშკები გურიაში

„ჯიხური“ – კოლხური კოშკები გურიაში
.
ქსენოფონტი (ძვ. წ. 427–ძვ. წ. 355) თავის ანაბაზისში აღწერს კოლხურ სიმაგრეებს, რომლებიც ხის გალავნებით შეერთებულ ხისავე კოშკებს წარმოადგენდნენ. სიმაგრეები აგებული იყო ხის მორებისგან, რომელთა აღწერაც ემთხვევა გურიაში ფართოდ გავრცლებულ გამაგრებული კოშკის „ჯიხურის“ (მეგრ. ჯიხა – ციხე) აღწერას.
.
გურიაში ჯიხურს ეძახდნენ ხის მორებისაგან აგებულ თავდაცვითი ხასიათი გამაგრებულ სახლსაც. ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით სირტყვა “ციხე” ძველ ქართულში სახლს ნიშნავდა და ამას განმარტავდა სიტყვა „უცხო“-დან გამომდინარე – „უცხო“ ანუ „უციხო“ იგივე უსახლო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართლში ჯიხური ასევე ერთერთი ტიპის სახლის აღმნიშვნელია.
.
კოლხური ციხესიმაგრის მსგავსი ნაგებობა უნდა ყოფილიყო ჩოხტაურში, რასაც ადასტურებს სამხედრო ისტორიკოსის ვასილი პოტოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსებმა 1820 წლის 24 ივლისს შემოქმედის ციხის აიღების და აფეთქების შემდეგ, აიღეს და გადაწვეს ჩოხტაურში მდგომი კოშკები. ქველი ჩხატარაიშვილის ვარაუდით ეს კოშკები ხისაგან უნდა ყოფილიყო აგებული.
.
გურიასთან დაკავშირებულ წყაროებში ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია არის მალთაყვასთან მდგომ ჯიხურთან დაკავშირებით, რომელსაც გურიელების საბაჟო/სასაზღვრო ნაგებობის დანიშნულება ჰქონდა. ამავე ჯიხურთან მოხდა ერთერთი ბრძოლა 1841 წელს აჯანყებულ გურულებსა და სამეგრელოს მილიციას შორის. ხსენებული ფაქტის აღმწერ სცენებს შეიცავს ცნობილი ფილმი „ჯანყი გურიაში“ (1928), რა როსაც შესაძლებელია “ჯიხურის” შიდა და გარე კონსტრუქციების ვიზუალური აღქმა.
.
გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1961-62 წლებში გურიაში შეგროვებულ დიალექტურ მასალაში მრავლადაა ინფორმაცია „ჯიხურებთან“ დაკავშირებით. როგორც იკვევა ერთი ჯიხური სოფელ ნატანებში 1962 წელსაც იყო შემორჩენილი – ‘”ხიზნობა იყო მაშვინ: თუ თავს ვერ მეიყრიდენ ერთათ, ღამის გათევა ეშინოდენ. ხიდგან გაკეთებული იყო გათლილი ხიები, მუხისაგან, ტყვია შით ვერ შიატანდა, ჯიხურს უძახოდენ.“ იქვე „იი ჯიხური ახლაც არის. ნაჯახით არის ჩაჭრილი დათლილი ხიები. თითო ძირი ხიდან არის გათლილი თითო ხე, გული დარჩენილა და გარსი ამოღებულია.“ (მთქმელი: ისიდორე ქინქლაძე, ს. ნატანები 1962).
.
ზემოხსენებული მასალის მიხედვით ასეთივე ჯიხური იდგა ზემო ხრიალეთში, შრომაში (ვაკე) გოგორეთში და მდინარე აცაურასა და სუფსის შესართავში:
.
– „სადარაჯოთ გამოყოფილი იყო სოფლიდგან მცველები. აგინი იყვნენ ჯიხურში და ხავდენ მაკივარი ქალი. აჲ ქალი იყო მცველთან ჯიხურში. რომ გეჲგებდენ, მოდიან თათრები თავდასაცემათ და წასაყვანათ ტყვეებისო, აი ქალი იკივლებდა, რომ გიეგებინებია სხვა სოფელჩიც.“ (მთქმელი: იასონ ქარცივაძე შრომა-ვაკე 1962)
.
– „ბაღნეფს აგრუებდენ ჯიხურში ღამის გასათევათ, რომ არ მიეპარენ ბაღნები. ამ ჯიხურს ყოველ კედრიდან ხონდა კოდმე შამორებული. ასავალი ერთი ხონდა. იქინეი იჟდა ყარაული, იცავდა ბაღნეფს, დღეი გადიოდენ სამუშიერათ. ბაღნებიც თან მიხავდენ. ბაღნებიანი კაცი ღამეს მის ქოხში არ ათევდა. ჯიხური იყო აშენებული როხიდან. გვალი ხიები იყო ერთქამეტზე დაშენებული.“ (მთქმელი: მიხეილ ღლონტი. ს. გოგორეთი 1962)
.
– „აცაურაი გამოდის აცანიდან, ჩადის სუფსაში ჯიხურთან. ჯიხურთან ნაციხვარი ახლაც აჩნია. იქინეი სუფსის პირზე ციხე ყოფილა ძველათ.“
(მთქმელი: ნესტორ წულაძე, ს. ჭანჭათი 1961)
კახა ჩავლეშვილი ს გვერდიდან არის.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share