გურიის მოამბე

გია ჯვარშეიშვილი – ახლა ამ ხელისუფლების ბოლო ჟამია

მე ვარ გია ჯვარშეიშვილი, 45 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დამცველი, უსინათლოთა მასწავლებელი – მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი.

უკვე 14 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.

როცა შეზღუდულ შესაძლებლობებზეა ლაპარაკი, ამბობენ ხოლმე, რომ მხოლოდ შშმ პირებისთვის კეთდება რაღაც, როცა სინამდვილეში მთელი საზოგადოებისთვის კეთდება. მეც ეს ხედვა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში და, რეალურად, ჩემს წილ პატრიოტიზმს ვარქმევდი იმას, რომ შშმ პირთა საკითხებში თავით ვიყავი გადაშვებული.

ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო 6 წელი, ვხედავდი, რომ რაც კი იყო გეგმაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის და უნდა გაეკეთებინათ, მთავრობამ ყველაფერი მოიტყუა. თითი თითზე არ დაუდია. მანამდე, უნდა ითქვას, რომ იძულებულები ვიყავით, ჩვენც გვეთანამშრომლა მათთან: საკანონმდებლო ბაზას ვქმნიდით ქვეყანაში, საერთაშორისო კონვენციებს ვუერთდებოდით, თითქოს მივყვებოდით იმ დღის წესრიგს, განვითარებულ ქვეყნებში როგორცაა. ბოლოს ისე დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა, რომ ვიღაც მინისტრის მოადგილეები გამარჯობას აღარ მეუბნებოდნენ, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს ვგულისხმობ. ვინც არაკონფორმისტია, ყველას ასე მოუვიდა, პიროვნულ დონეზე ვეღარ გვიტანდნენ, პოლიტიკამდე აღარ მიდიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, 2011 წელს, პირველად როცა აღვნიშნეთ თეთრი ხელჯოხის დღე საქართველოში, მას მერე ხარისხიანი ხელჯოხი ვერ მივაცემინეთ ბენეფიციარებისთვის. ერთი ხელით უფლებას აძლევდნენ და მეორე ხელით, ფაქტობრივად, უროს ურტყამდნენ თავში, აღსრულდება აბსოლუტურად ნულოვანი იყო.

რეგიონებზე საუბარი აღარაა, თბილისში მსხვილი ინფრასტრუქუტრული პროექტები რაც გაკეთდა – პეკინის რეაბილტაცია, ვაკის პარკის, ჭავჭავაძის, წერეთლის – ყველგან უხეში და ბოროტი შეცდომებია დაშვებული. ჩვენ თუ გვკითხავთ, შშმ საკითხების ექსპერტებს, არსებობს ასეთი ცნება – უნივერსალური დიზაინი, ერთგვარი არქიტექტურული გადაწყვეტაა, რომელიც შენივე შეცდომებისგან გიცავს, ამ მიდგომით ბევრი ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა.

ასე დაიწყო ეს დაპირისპირებები. ერთ დღეს რომ გატყუებენ, მეორე დღეს, შენ თუ გაგაჩნია გარკვეული ღირსება, აღარ უნდა მოატყუებინო თავი.

230-ე დღეა ქუჩაში ვდგავართ.

მე გაცილებით დიდი ხანია ქუჩაში ვდგავარ, ორ წელზე მეტია, აქცია არ ყოფილა, სადაც არ მივსულვარ. იმიტომ, რომ ყველგან ვხედავთ ძალმომრეობას, ყველგან ვხედავთ ადამიანობისგან დაცლილ პოლიტიკას და ფულზე დახარბებას. იქნება ეს ურბანული განვითარება, ადამიანის უფლებები, ცხოველთა უფლებებს საერთოდ აღარ ვეხები… აღარაფერი დარჩა. თუ მოქალაქე ხარ და ასე აღიქვამ საკუთარ თავს, ვერ გაძლებ, რომ არ გააპოტესტო, ვერ გაძლებ, ისე იყო.

1 დეკემბერს პოლიციის მხრიდან წამების მსხვერპლი გავხდი, 20 კაცი მირტყამდა თავში წიხლებს თეთრ ავადსახსენებელ პოლიციის დაუბრენდავ მიკროავტობუსში.

აქციებზე თავიდანვე ვცდილობდი, დაპირისპირება არ ყოფილიყო და შუაში ჩავმდგარიყავი, ცუდი არ მოხდეს-მეთქი. ჩემი საქმიანობა ჰუმანურობის მაღალ სტანდარტს მოიცავს და არ ვიყავი რამე ძალისმიერის მომხრე. მშვიდობიანი, დროშამოხვეული, რომ არ იმალები, მე და ორი ადამიანი, თავი გადადებული რომ გაქვს, ისე ვიდექით მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. გააქანეს და პირდაპირ ეთერში დამიჭირეს. ათმა კაცმა დამტაცა ხელი, მოგ***ვთო, ასე მითხრეს, მაგინეს, საშინელებები მეძახეს, ხელში ამიღეს, მიკროავტობუსში შემაგდეს, მცემეს და გამძარცვეს.

სხვა ადამიანების წამებაც ვნახე იქ. როცა ეგეთ ადგილას ხვდები, ვიზუალურ კონტაქტს ეძებ ვიღაცასთან, იქნებ ვინმემ გიშველოს. მიკროავტობუსში სამი ბიჭი დამხვდა და მათ რომ შევხედე თვალებში, ისეთ დღეში იყვნენ, მივხვდი, ვერავინ ვერაფერს, სიტყვასაც ვერ შემომაშველებდა. მერე ზუსტად ისეთივე დღეში აღმოვჩნდი მეც… თავში წიხლები მირტყეს, წარმოუდგენელი ძალადობა იყო. უკვე ნეკნები მქონდა გატეხილი და ,,მარშრუტკის’’ ბოლოში ვიყავი გადახოხებული, ახალი ვიღაც რომ შემოადგეს საცემრად. ჩემი თავი დავინახე იმაში, მეც ფიზიკურად ხმას ვეღარ ვიღებდი. განა მორალურად მეშინოდა, ფიზიკურად ვეღარ შევძლებდი მის დახმარებას.

პოლიციური წამების მსხვერპლები დაგვერქვა, ეს მარტო ჩემი შეფასება არაა.

მერე საავადმყოფოშიც ვიწექი ტვინის შერყევით, ნეკნების მოტეხილობით. ორი კვირა ვიწექი და ორი კვირის მერე, რა თქმა უნდა, ისევ რუსთაველზე გამოვედი. 11 იანვარს ისევ დამიჭირეს, მაგრად გამლახეს, ისევ შემექმნა ნეკნების პრობლემა, ისევ ტვინის შერყევა დამმართეს. ორჯერ გული წამივიდა და სასწრაფოს არ იძახებდნენ.

ორივე შემთხვევაზე აქეთ დამაჯარიმეს. 17 ჯარიმა მაქვს.

სამოქალაქო აქტივისტი თუ ხარ და ადამიანის უფლებებთან გაქვს შეხება, დღეს თუ აქ არ იქნები, არ ვიცი, სად უნდა იყო. დღეს ეს არის აღთქმული ადგილი, სადაც ერთმანეთს თვალებში რომ ვუყურებთ, ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, შიგნით ღრმად ვხედავთ ერთმანეთს. რეალურად, ერთმანეთის გარდა არც არავინ დაგვრჩა – პოლიცია არ დაგვრჩა, მედია მინიმუმამდეა დაყვანილი, უფლებადამცველებიც გვეუბნებიან, რომ სამართალი აღარ არის. ერთადერთი ისაა, რომ უნდა ამოიღო მობილური ტელეფონი და შეეცადო, რომ სამართალდარღვევა გადაიღო, სხვამ რომ ნახოს, საზოგადოებას რომ დავანახოთ ის ბოროტება, რასაც აკეთებენ. სხვა ძალა, გზა, ხერხი, ღონე ჩვენ აღარ გვაქვს.

აქ რომ მოვდივარ, სახლში ვარ და ერთმანეთს ვიცავთ, ერთმანეთს ხელს ვუმართავთ. მარტო ქართველობის არა, ზოგადად, ადამიანობის დუღილის ადგილია. დღეს საქართველოში სხვაგან ფიზიკურად აღარ არის ასეთი ადგილი, კანონები აქვთ, საღი აზრი და სამართალი კი ყველგან განდევნილია. ჩვენი ქვეყანა ამისგან დაიცალა.

ალბათ, ეს არის ის, რითაც ,,ვეფხისტყაოსანთან’’ ვართ ბმაში. ეს არის რუსთაველი, როცა თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს, ერთი რაღაცის გვჯერა და ვიცით, რომ ერთმანეთს გადავარჩენთ. ,,ვეფხისტყაოსნის’’ ხალხი დგას აქ ახლა.

გუშინ აქ ხალხს ძვლებში ლეწავდნენ და ვიღაც წერდა უარესის ღირსიაო. მე ყველაზე ძალიან ის მაშინებს, რამხელა ბრაზის დათმენა მოგვიწევს ამ ხალხის უკან მისაღებად, როცა ეს ხელისუფლება განდევნილი იქნება. აი, ეს ადამიანი რომ მიიღო, მართლა მართლმადიდებლური სიყვარულის ზეიმი უნდა მოხდეს. და სულ ვფიქრობ ამაზე, სულ ვლაპარაკობ. განა ზიზღი გვინდა, მერე ამ ზიზღზე ძალადობის დაშენება და რევანში, არა, როგორღაც გზას ვეძებთ, რომ ეს ქართველები, ჩვენი მოქალაქეები ისევ დავიბრუნოთ. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ვიცი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოვძებნით ამის ძალას საკუთარ თავში.

კიდევ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება იქნება ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი, რომ აღარ დაუშვას ის საშინელი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლებასაც სულ ვაძლევდით. შემდეგ ხელისუფლებებს ეცოდინებათ, რო ერთ პატარა შეცდომაზეც ეს ხალხი აქ გამოვა და პასუხის მოსთხოვს.

ახლა ამ ხელისუფლების ბოლო ჟამია, მე ამაში დარწმუნებული ვარ. სახელოვანი უნდა იყოს ეს გამარჯვება. ჩვენ გვჯერა კოლექტიური სიკეთის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეს არის ჩვენი ერთად ყოფნის მიზეზი. ჩვენ გვინდოდა სუფთა ხელებით გამარჯვება. დღემდე ეგრეა. ალბათ, ეგაა ის, რაც ყველაზე ძალიან ანადგურებთ ამათ მორალურად

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights