“შემაძრწუნებელია, რომ მთავრობა ასე თავხედურად უტევს ქართველი ხალხის ნებას”— ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტი“ და უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, რუსული გავლენა საქართველოში ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რჩევას, კვლავ აყენებს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს დაქვეითებულ დემოკრატიაზე სულ უფრო და უფრო მეტ თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაახშოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიულად ჩააცემენტოს რეჟიმის ძალაუფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობისთვის „შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“.

„შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონკრეტულ მხარდაჭერას, პოლიტიკურ თანადგომას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა, პირიქით, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა. FARA-სთან ან დასავლეთის უცხოური გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც კრემლის მოძველებულ ნარატივებს იმეორებს. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადაუხვიოს ამ დესტრუქციულ გზას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. ჰელსინკის კომისიამ 5 აპრილსაც გაავრცელა განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი ეთქვა ხელახლა დაინიციირებულ რუსულ კანონზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share