ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა

გასულ კვირაში ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სახალისო გამოხმაურება ჰპოვა ცენტრალური მოედნის ირგვლივ მოწყობილმა 18 საყვავილემ, რომლის ფორმაც კუბოს შეადარეს. ფლანგვის დეტექტორი ოზურგეთის მერიის აღნიშნული ტენდერით დაინტერესდა და კორუფციის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები გამოარკვია.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის ტენდერი ოზურგეთის მერიამ 2022 წლის 1 ივნისს გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 2,157,146 ლარი იყო. ტენდერში სამი კომპანია მონაწილებოდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი, 1,941,333 ლარი, დააფიქსირა კომპანიამ – “შპს მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი – 1-ს ფილიალი საქართველოში”.

თუმცა მოგვიანებით, შერჩევის ეტაპზე, კომპანია ოზურგეთის მერიის მიერ დისკვალიფიცირდა და გაიმარჯვა შპს “ჯორჯიან სტოუნმა”, რომელთანაც 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულება 1,955,555 ლარზე გაფორმდა. სამუშაოების ვადად 5 თვე განისაზღვა და ის 2023 წლის 18 იანვარს უნდა დასრულებულიყო.

საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ კომპანიის მოთხოვნით ხელშეკრულების თანხა 10%-ით გაიზარდა და 2,151,000 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადამ სამი თვით გადაიწია და 2023 წლის 18 აპრილით განისაზღვრა. თანხის ზრდის მიზეზი სამუშაოების შესრულების დროს გამოკვეთილი გაუთვალისწინებელი გარემოებები იყო. ეს 195,000 ლარიანი ზრდა ოზურგეთის მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დააფინანსა, მაშინ როდესაც თავდაპირველი ღირებულების 99%-ს ცენტრალური მთავრობა აფინანსებდა.

შპს ჯორჯიან სტოუნი 2011 წელს დაფუნძდა შპს ლეგი-ს მიერ, თუმცა 2015 წლამდე ის ტენდერებში ფაქტობრივად არ მონაწილეობდა. კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დირექტორი 2015 წელს ყოფილი მაღალჩინოსანი – ბადრი რომანაძე გახდა. ბადრი რომანაძეს 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2015 წლამდე კომპანიას მხოლოდ ერთი, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჰქონდა მოგებული, საიდანაც 17,998 ლარი მიიღო. 2015 წლიდან, დირექტორად ყოფილი თანამდებობის პირის დანიშვნიდან დღემდე კი 43,400,000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. მათგან მხოლოდ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან კომპანიას 20,214,835 ლარი აქვს მიღებული. 2015-2021 წლებში შპს ჯორჯიან სტოუნმა ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებულ 35 ტენდერში გაიმარჯვა. აქედან 4,490,412 ლარის ღირებულების 9 ტენდერი უკონკურენტოდ, ხოლო 5,254,282 ლარის ღირებულების 8 ტენდერი კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ბადრი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო, ამავდროულად იგი მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის, მინდია რომანაძისა და ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად რომანაძის ნათესავია.
მინდია და ზვიად რომანაძეები ძმები არიან. მინდია რომანაძე 2018 წლის მაისში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოდან მივიდა, მანამდე კი 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო. 2021 წლიდან მინდია რომანაძე ქობულეთის მერის მოადგილის პოსტს იკავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2020 წლებში ქობულეთის ბულვარის სანაპირო ხაზის რეაბილიტაციის სამუშაოები ჯორჯიან სტოუნმა ნაწილობრივ უხარისხოდ შეასრულა, თუმცა ამის გამო მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შესაბამისად, ეს და სხვა გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ მისი მეპატრონის მჭიდრო კავშირების გამო მოქმედ ხელისუფლებასთან, შეგნებულად ხდება მასზე ტენდერების პირობების მორგება და სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ ბოლო 7 წელში ათობით მილიონი ლარის მიღება ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია ისიც რომ ოზურგეთის მაცხოვრებლების განცხადებით ოზურგეთის მოედანი, სადაც ახლა კუბოს ფორმის საყვავილეები ჩადგეს, არც თუ ისე ცუდ მდგომაროებაში იყო და ამის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება. საეჭვო პირობებში წარმართული ტენდერი აღძრავს კითხვებს იმის თაობაზე, წინასწარ რატომ არ გააცნეს რეაბილიტაციის პროექტი საზოგადოებას და ამ ვითარებაში, რატომ შესრულდა სამუშაოები ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს ოზურგეთის აღნიშნულ მოედანთან მდებარე “ჭადრების პარკის” რეაბილიტაციაც წარიმართა, რა დროსაც მერია წერდა, რომ ისინი შადრევანს არემონტებდნენ, რომელიც აღნიშნულ პარკში წლების განმავლობაში არსებობდა, ხოლო წინა ხელისუფლების პერიოდში სამშენებლო მასალებით იქნა ამოვსებული და მიწით დაიფარა. აგრეთვე, ისინი რეაბილიტაციას უტარებდნენ “ჭადრების ბაღში“ არსებული ე.წ. “სარკოფაგს“, რომელიც ამახინჯებდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. “სარკოფაგის“ ნაცვლად სკვერში ქვაფენილი უნდა დაგებულიყო.

ჩანს, 2015 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა და საბოლოოდ 2022 წელს ტერიტორიიდან მოშორებული ე.წ “სარკოფაგის” ნაცვლად ახლა კუბოს ფორმის 18 საყვავილე განთავდა.

gmc.org.ge

წყარო:

  1. https://www.facebook.com/watch/?v=1671073976461162 – 2015 წლის რეაბილიტაცია

  2. ტენდერის ნომერი: NAT220010560

  3. http://kobuleti.gov.ge/?cat=37

  4. http://kobuleti.gov.ge/?page_id=1081  – ქობულეთის მერია

  5. https://cutt.ly/I4dJBGm  – 2015 წლის კვლევა

  6. https://cutt.ly/q4dJCYQ – ახალი საყვავილეების ფოტოები

  7. https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

  8. https://tendermonitor.ge/ge/organization/20139?page=22 – ტენდერები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share