„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგების მოკლე ნუსხა 2012 წლიდან დღემდე“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ეროვნულ ბიბლიოთეკის გუნდის მიერ 2012 წლიდან შესრულებული სამუშაოების მოკლე ნუსხას.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგების მოკლე ნუსხა 2012 წლიდან დღემდე:

გამომცებლობებისა და კერძო ბიზნესის შემოწირულობით, ასევე სახელმწიფოს დახმარებით წიგნებით და კომპიუტერებით მომარაგდა 1500 – ზე მეტი ქართული სოფლის და სოფლის სკოლების ბიბლიოთეკა, აღდგა 200 სოფლის ბიბლიოთეკა, წიგნებით შეივსო მათ შორის მაღალმთიანი სოფლების, ოკუპაციის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლების და ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებით დასახლებული სოფლების ბიბლიოთეკები. თითქმის ყველა თვითონ ჩავედი და საჯარო ლექცია წავიკითხე ქართულ ლიტერატურაზე და სახელმწიფო ენის აუცილებლობაზე.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა წიგნის, პრესისა და ემიგრაციის მუზეუმები.

გამაგრდა ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი პირველი და მეექვსე კორპუსი. დამონტაჟდა ულტრათანამედროვე კლიმატკონტროლი.

დაიწყო სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა, რომელიც წიგნის ბუდეების კონცეფციით კეთდება და ყველა ქალაქში მისი შესაბამისი მახასიათიებელი გააჩნია (მაგალითად: სამტრედიაში – ველოსიპედის, ჭიათურაში – ვაგონის, თელავში – ღვინის კასრის და ა.შ.) ამგვარი ბიბლიოთეკები მოეწყო ოკუპაციის გამყოფ ხაზთანაც. ქართულ ტრადიციულ წისქვილებში მოეწყო წისქვილი-სამკითხველოები.

მსოფლიოს 55 ქალაქში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა ან ქართული წიგნის კუთხე.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ-ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი-ექსპოზიცია.

გაიხსნა მარო მაყაშვილის ბაღი.

შეიქმნა ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სამუშაო ლაბორატორია, ულტრა-თანედროვე სკანერებით. გაკეთდა უნიკალური საძიებო სისტემა და ციფრული მომსახურება. შეიქმნა წიგნების, პრესის, ნაბჭდი ერთეულების ელქტრონული ბაზა, ლექსიკონები, ბიბლიოვიკი, ბიბლიოთეკა სკოლას და  „ციფრულ ფოტომატიანეს,” რომელიც უნიკალური ფოტოების გაციფრებასა და რესტავრაციას გულისხმობს.

2017 წელს გამაგრდა, რესტავრირდა და გარემონტდა  ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI, განახლებულ კორპუსში განთავსებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, ბარბარე ჯორჯაძის, ნოდარ დუმბაძის, ვახტანგ როდონაიას, გურამ შარაძის გიგლა ფირცხალავას, ალექსანდრე ქართველის, რაულ ჩილაჩავას, მაქსიმე ბერძნიშვილის, აკაკი ბაქრაძის, ჯანრი კაშიას, მიხეილ ჭაბაშვილი საარქივო კაბინეტები.

2018 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დამოუკიდებლობის დარბაზი – სივცრე იწყება მეცხრამეტე საუკუნით, გრძელდება დამოუკიდებლობის წლებით, შემდეგ უკვე ორი 9 აპრილით და თანამედროვე, მავთულხლართებიანი საქართველოთი.

2018 წელს  კერძო ბიზნესის დაფინანსებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ვაჟა–ფშაველას დარბაზი და განახლებული რეგისტრატურა.

გაიხსნა ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის  სახელობის წიგნთსაცავი, რომელიც მილიონობით წიგნს ინახავს.

2019 წელს  ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, ვაშინგტონში  კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს კარლა ჰაიდენს შევხვდი. შეთანხმების მიხედვით კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი რეგულარულად მომარაგდება ქართული წიგნებით. ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს გადმოეცა სრულიად უნიკალური ემიგრანტული თუ საკოლექციო მასალა – ალექსანდრე მანველიშვილის (დენვერი), პეტრე ჭალიძის (ალბანო) და პიტერ სკინერის (ნიუ–იორკი) არქივები.

საქართველოში ჩამოვიდა ზალდასატანიშვილების არქივი და არაერთი კერძო კოლექცია საფრანგეთიდან. ბიბლიოთეკას შეუართდა გურამ შარაძის ემიგრაციის მუზეუმი.

2019 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ოთახები, ასევე საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება.

2020 წელს გაიხსნა წიგნის რესტავრაციის კაბინეტი.

2021 წლის იანვარში გამოაცხადდა ახალი პროექტის, „მარტოკაცების ბიბლიოთეკის“ ამოქმედება. პროექტის ფარგლებში პირველი ბიბლიოთეკა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავარში ეულად მცხოვრებ კორნელი გაზდელიანთან მოეწყო.

2019 წელს, პოლონელი რესტავრატორების დახმარებით აღდგა უნიკალური მხატვრობა და გაიხსნა ჰენრიკ ჰრინევკსის სახელობის ხელოვნების დარბაზი.

2020 წელს ფონდ ქართული გალობის მხარდაჭერით აღდგა უნიკალური მოხატულობა და გაიხსნა ფოლკლორის დარბაზი.

2020 წელს გაიხსნა რეზო გაბრიაძის სახელობის კინო-ბიბლიოთეკა.

2022 წელს – თბილისის 11 სართულიან საცავის რეაბილიტაცია.

2014 წლიდან დღემდე მიმდინარეობს ლეგენდარული პირველი კორპუსის რეაბილიტაცია. დასრულდება 2024_25 წლებში. გაიხსნება ორი უმთავრესი სამკითხველო დარბაზი, რომლებიც ათწლეულებია დაკეტილია.

2023 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაიწყო დამწერლობის მუზეუმის შექმნაზე მუშაობა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველდღიურად საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების მიერ ეწყობა ათობით სხვადასხვა ღონისძიება.

#ეროვნულიბიბლიოთეკა“, – წერს კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share