თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ! – ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ, თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ისინი მათ შეუერთდებიან.

მათ პეტიცია შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

“ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა.

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!” – წერია განცხადებაში

პეტიცია

დღეს თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იგივე ქმედებისკენ.

თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share