ივანიშვილის დეპუტატები პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. ქართული ოცნება ოლიგარქის მილიარდების დაცვის სამსახურშია, რადგან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ივანიშვილს აძლევს სრულ შესაძლებლობას, ოფშორებიდან დიდი ფული საქართველოში ისე გადმოიტანოს, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ გადაიხადოს.
ერთი კაცის გამო მომზადებული კანონი პრეზიდენტმა დაიწუნა და პარლამენტში შენიშვნებით დააბრუნა. ქართულმა ოცნებამ კი ისე რომ ჯერ არც კი ჰქონდათ მოსმენილი რას წერდა ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში, წინასწარ დააანონსა, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ივანიშვილის გარდა აქტივების შემოტანას მასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქებიც შეძლებენ.