“ოცნება” წინასაარჩევნოდ ველს ისუფთავებს – ცესკოს თავმჯდომარედ ჯერ პოლიტიკურ მორჩილებაში მყოფი კალანდარიშვილი დაამტკიცეს, ახლა კი ადმინისტრაციაში იმ საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველით იყო დაკომპლექტებული. კანონს ცვლიან იმისთვისაც, რომ ცესკოში გადაწყვეტილების მისაღებად უკვე უბრალო უმრავლესობის თანხმობა იყოს საჭირო. ანუ, საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება პოლიტიკური ნიშნით მოახდინოს.
გადამწყვეტ არჩევნებს საქართველოში ეუთო-ოდირის უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება. ამის პირობა დღეს ოპოზიციამ მიიღო, რომელმაც პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია “ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩევლის შანტაჟისა და მოსყიდვის შესახებ. იმ მიზნით, რომ რისკები იყოს დაზღვეული და ივანიშვილის პარტიამ კარგად ნაცადი რეპრესიული მანქანა არ აამოქმედოს, ოპოზიცია ითხოვს, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ქვეყანაში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდეს.