ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ქვეყანაში დიდი მღელვარება, საპროტესტო გამოსვლებია. ამ მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ”კვირის პალიტრასთან” საუბრობენ?
“ასე მშვიდობიანად, თუნდაც ქუჩაში, წვიმაში, ცუდ ამინდში უნდა ვიდგეთ ყველა, რათა საბოლოო მიზნამდე მივიდეთ”
რუსუდან ფეტვიაშვილი (მხატვარი): – ეს კანონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია! ჩარჩოებში ვექცევით. საშინელებაა, როცა სულ სხვის კონტროლში ხარ. დღესდღეობით, თუ ვინმე აფათურებს ხელს ჩვენს შიდა საქმეებში, ეს ჩვენი რუსეთია, რომელსაც “მოძმეს” ვეძახდით კომუნისტების დროს და ახლა რა დღეშია მსოფლიო მის გამო, ყველა ხედავს. მადლობა ღმერთს, ყველამ დაინახა, ვინ ვინ არის. რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ის კანონი, რაც დღეს რუსეთში მუშაობს, ვერ იქნება ჩვენთვის კარგი. გამორიცხულია! ჩვენ გახსნილი ქვეყანა ვართ, ჩვენ ვერასდროს დავიწყებთ ვიწრო პრიზმაში ადამიანების მოქცევას და მათთვის თვალთვალს. საქართველო გზაჯვარედინია, ჩვენთან ყოველთვის სხვადასხვა ქვეყანა იყრიდა თავს. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, მისიაც, რომ გახსნილები ვიყოთ. უნდა ვიყოთ თავისუფლები, არ უნდა ვიყოთ მშიშრები. არასოდეს არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ასე დგას: საქართველოსთვის რა არის სასარგებლო? რა არის სასარგებლო ქართველისათვის? ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ეს კანონი საქართველოს შეუზღუდავს თავისუფლებას, სილაღეს… ჩვენ შევქმენით თავისუფალი გარემო, დროებით მაინც, და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევინარჩუნებდით და ახლა როცა ეს კანონი ისევ შემოაგდეს და სასწრაფოდ დაამტკიცეს, ძალიან შემეშინდა. ის, რაც რუსულია, ის, რაც ჩვენთვის უსარგებლოა, არ უნდა მივიღოთ! ჩვენ თავისუფლებისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. 9 აპრილს მეც ვიდექი მხატვრის სახლთან ჩემს და-ძმებსა და მეუღლესთან ერთად. იმხელა გზა გამოვიარეთ, ახლა ბოლო წერტილი უნდა დავსვათ, რათა საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, რომ აღარ იყოს სათუო მისი თავისუფალი არჩევანი, დამოუკიდებლობა! ახლა, როგორც არასოდეს, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ნათქვამია, მშვიდმა დაიმკვიდროს ქვეყანაო. ამიტომ სიმშვიდე ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იცი, რა გინდა, როცა იცი, რომ სწორ გზას ადგახარ, ამაზე კარგი არაფერია. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია. ხომ იცით, მართალი ადამიანი ქვაზე მაგარიაო. ასე მშვიდობიანად, თუნდაც ქუჩაში, წვიმაში, ცუდ ამინდში უნდა ვიდგეთ ყველა, რათა საბოლოო მიზნამდე მივიდეთ. ამისთვის საჭიროა გააზრებულად მოქმედება. მე პოლიტიკოსი არა ვარ, არც სოციალურ ქსელში ვარ ჩართული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მინდა. მე ვიცი საქართველოს რა სჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთზე დაქვემდებარება. როცა მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს კანონი რუსულია, რატომ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი? ჩვენ პატარა ერი ვართ და ამიტომაც აუცილებელია ჩვენთვის თავისუფლება, რათა ვისუნთქოთ, და ეს შესაძლებელია მხოლოდ ევროპული კურსის აღებით. ევროპა არის ქვეყნების გაერთიანება, სადაც ერთმანეთის ფასი იციან, სადაც სხვებს სცემენ პატივს, ყველას ისტორიასა და კულტურას. ისინი აღიქვამენ ადამიანებს ისე, როგორც საჭიროა და რაც მთავარია, თავისუფლებისმოყვარე ხალხია, როგორც ჩვენ, ქართველები. მათ სიტყვის ფასიც იციან. ჩვენ მათი ნაწილი უნდა გავხდეთ, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. არა რუსეთს! კი ევროპას!
“ახალგაზრდებო, თქვენ ვერ შეეგუებით “ნაცების” სისასტიკეს”
ლელა რაზიკაშვილი (ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე): – დღეს ჩვენი ამოცანაა სვლა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ჩვენი წართმეული სამშობლოს დაბრუნება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგის გარეშე, ფრთხილად და თანამიმდევრულად, რადგან ჩვენს პატარა ქვეყანას დანაკარგის აღარც რესურსი აქვს და არც უფლება! ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არის საქართველოს უმრავლესობის ნება და არჩევანი. რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაინც ვერ ასახავს იმ რაოდენობას, ვინც ევროპული გზა აირჩია. ჩვენ ვართ მოსახლეობის 80 პროცენტი. ამ იდეას ვერავინ მიიტაცებს. ახლა ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ევროსტატუსი ეკუთვნის ხალხს. დიახ, გეთანხმებით, ეს ჩვენი არჩევანია, რომელიც გავაკეთეთ მაშინ, როცა 9 აპრილს სიცოცხლის ფასად უარი ვუთხარით საბჭოთა-რუსულ იმპერიას! ეს არჩევანი გავაკეთეთ მაშინაც, 2012-ში, როცა ევროპის დროშით მოსულ რუსული მმართველობის სტანდარტს უარი ვუთხარით, იმ ხელისუფლებას, რომელიც რუსულად გვდევნიდა, რუსულად გვხოცავდა ქუჩაში, რუსულად სასტიკი იყო და მაშინ მთელმა ერმა ვთქვით, რომ ევროპული გზა დეკლარაციები და თავის მოჩვენება კი არა, თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და სამართალია. ბოლო წლებია თანამიმდევრულად მივაბიჯებთ ევროსტრუქტურებთან ინსტიტუციური დაახლოებისთვის. ეს არის კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლი, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ბოლოს კანდიდატის სტატუსი, რომლის მიღების პროცესში არაერთხელ ვნახეთ ოპოზიციის საბოტაჟი, მაგრამ შედეგი მაინც მივიღეთ. საკითხი, სად მიდის საქართველო, დიდი ხანია აღარ დგას. მეტსაც გეტყვით, არჩევნებზე და არჩევნების შემდეგაც ხელისუფლების წარმატება დამოკიდებულია ევროპისკენ სვლაზე. ასე, რომ, ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ რაიმე მიზეზმა, თუნდაც ერთმა საკანონმდებლო ინიციატივამ ქართველი ხალხის არჩეულ კურსს რამე დაუშავოს. ჩვენ უკვე ევროპული ოჯახის წევრები ვართ და თუ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ღირებულება “გამჭვირვალობა” ჩვენზეც ვრცელდება და ღირებულება “თანასწორობა” ყველასია, ამით ევროპული იდეა პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების იდეა როგორ უნდა დაზიანდეს? ჩვენ ამისთვის არ ვიბრძოდით? ევროპულ გზას ვერაფერი დააზიანებს, ვერც დებატები და კამათი თუნდაც პარტნიორებთან. ევროპულ გზას აზიანებენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ევროპული დროშით საქართველოში რუსული მმართველობის ყველა სიმახინჯე შემოიტანეს. ევროპულ გზას აზიანებენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ბევრჯერ სცადეს სიტუაციის დაძაბვა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. დღესაც ამ პროცესებში ხედავენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსს და ნურავის გაუკვირდება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვით უყურებს ამ კანონის შესახებ პროცესების ზედმეტად დრამატიზებას და ოპოზიციის ლიდერების მიერ შექმნილ აპოკალიფსურ სურათს ხალხის ემოციის პროვოცირების გზით.
მოსახლეობას ყოფილი ხელისუფლების მობრუნების შიში აქვს და ამისი უარყოფა არ შეიძლება. ბევრს დღემდე არ მოშუშებია ის ჭრილობები, რაც წინა რეჟიმმა მიაყენა. არ დაგიმალავთ და, ერთ-ერთი მათგანი ჩემი ოჯახიცაა, თუმცა მე ეს პროცესები სულ სხვა კუთხით მაშინებს. ჩემი აზრით, ყველაზე საბედისწერო 2008 წელი იყო, რის შედეგადაც ჩვენი მტერი სოლივით შემოიჭრა და სტრატეგიული ადგილები დაიკავა. ყველაზე სახიფათო ამ დაძაბულ სიტუაციაში ეს მოცემულობაა… თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ზედმეტმა ტურბულენტობამ შეიძლება საბედისწერო არჩევანის წინაშე დაგვაყენოს – ყოფნა-არყოფნის არჩევანის წინაშე და ის ძალიან ახლოსაა. აგერ, სულ რაღაც 400-500 მეტრში ავტობანიდან, საქართველოს ხერხემლიდან და ძალიან ახლოს ერთ-ერთი მთავარი არტერიიდან, მლეთა-ყაზბეგის გზიდან, ხელისგულზე ჩანს ის საშიშროება, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.
დღეს საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია სრულად აამოქმედა. საქართველო სჭირდება მსოფლიოს და ეს არის ამ წლების მონაპოვარი, ისტორიული შანსი, რომელიც ჯერ კიდევ ადვილად დასაზიანებელია, თუ გადავხედავთ ჩვენი მტრის ლოკაციას. ამდენად, ყველა ჩვენგანს, დიდს თუ პატარას, სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა, პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება. თუ დააკვირდით ჩვენი მტრის გააზრებულ მოქმედებას, როგორ ოსტატურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას საქართველოში და როგორ ოსტატურად აგდებს ანთებულ ასანთს ისეც დაძაბული ემოციების დენთის კასრში. ვინ-ვინ და, რუსებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ნებისმიერი მათი განცხადება და ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ჩვენში ძალიან მძაფრად აღიქმება და სწორედ ამიტომ ყოველთვის იცლიან საქართველოში ვითარების არევისთვის. პესკოვის ბოლოდროინდელი განცხადებაც ამ ლოგიკაში ჯდება.
ახალგაზრდებო, თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, თქვენ ვერ შეეგუებით “ნაცების” სისასტიკეს. ევროპული გზა არის ქართველი ხალხის არჩევანი! დღეს ის ხალხი, ვინაც ქვეყანაში რუსული მმართველობის სტანდარტი შემოიტანა ქუჩაში ხალხის ხოცვით, წამებით და ა.შ., ევროპულობას გვასწავლის! ამაზე მეტი დისკრედიტაცია წარმოუდგენელია! ჩვენთვის ევროპული გზა არის ღირებულებები, მათ შორის გამჭვირვალობა და თანასწორობა! რა გამოდის, ჩვენთვის შეიძლება და თქვენთვის არაო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თანასწორი და თქვენ ნაკლებად თანასწორი? როგორც ჩანს, ჩვენ აქედანვე გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპულ ოჯახში თანასწორები და არა ღარიბი ნათესავის როლში! დღეს ვხედავ ძალებს, რომლებისთვისაც ევროპა ძალაუფლებაში დაბრუნების შანსია. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ძალიან ბევრი ვართ ის მოქალაქეები, ვისთვისაც ევროპა ღირებულებებია და არა პარტიული ინტერესები! როდემდე უნდა ვუცქიროთ სხვა ქვეყნის “შპარგალკას” და სხვა ქვეყნიდან ვიგებდეთ, რას უხლართავენ საქართველოს ზურგს უკან! ჩვენც გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება! ჩვენი დაკვეთა ხელისუფლებისთვის იყო თავისუფლება, ევროპა და რუსეთისგან გათავისუფლება! ამ მიზნის მიღწევის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ, იარაღით ვცადეთ და სასტიკად დავმარცხდით, ვცადეთ ლანძღვა-გინებით და აქაც შედეგი ვერ ვნახეთ. ამიტომ მშვიდობის ხანგრძლივობისა და ევროპისკენ სვლისთვის დრო სწორედ ახლა გვაქვს! ეს ფაქტია! დღეს მიდის ბრძოლა იმაზე, თუ რა გზას ავირჩევთ, დიპლომატიის თუ პირდაპირი დაპირისპირების, ჩემთვის ამაზე პასუხი ერთია – ჩვენი იარაღია დიპლომატია და ამას არა აქვს ალტერნატივა!
ყველაზე დიდი მტრობა საზოგადოების გახლეჩაა აგენტის ძახილით – ეს აპრობირებული მეთოდი. ბრძოლაა ორ სლოგანს შორის და არჩევნებზე არჩევანი გვექნება გასაკეთებელი ამ ორ იდეოლოგიას შორის! თუ რამე აზიანებს ამ გზას, ის პოლიტიკური ძალა, ვინც ევროპული დროშით რუსული მმართველობის სტანდარტით შემოვიდა საქართველოში! არ დავთმოთ ღირებულება “თანასწორობა”, რადგან თავისუფლების დაკარგვა სწორედ თანასწორობის დაკარგვით იწყება!
ევროპა არ არის პიროვნებები, ევროპა არის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ! ევროდეპუტატები შეიცვლებიან და ღირებულებები დარჩება ჩვენი, ყველას ერთნაირად დასაცავი! გარდა ამისა, ჩვენი მთავარი საზრუნავია დეოკუპაცია და თავის დაცვა საერთო მტრისაგან! წარმატება და მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გზას ავირჩევთ: კონფრონტაციას იარაღით თუ დიპლომატიას! ჩვენ ამ არჩევანში უკვე გადავიჩეხეთ ორჯერ, ახლა ამისი უფლება აღარ გვაქვს!
წინ ევროპისკენ, თავისუფლებით და თანასწორობით!”