ცნობილი მსახიობი ნინო კასრაძე ე.წ. გამჭვირვალობის კანონს შესახებ ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”მეც და ჩემი მეგობრებიც ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ კანონს ისევ შემოაბრუნებდნენ. შარშან ხელისუფლების უკან დახევამ ბევრი რამ წინ წასწია, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება. არ ვიცი, რას ემსახურება ხელისუფლების ეს ნაბიჯი. ამ ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელია ნორმალური გარემო. ცოტა ხნის წინ როგორი დიდი სიხარული იყო, საზოგადოება გაერთიანდა, ერთი სულისკვეთება იყო (ფეხბურთს ვგულისხმობ) და ვფიქრობდი, რომ ხომ შეიძლება ასე სიყვარულით, სიმშვიდით, და სიხარულით ვიცხოვროთ-მეთქი.
ხომ ხედავთ, როგორია მთავრობის, ძალოვანი უწყებების დამოკიდებულება ხალხისადმი. დაუნდობლად უსწორდებიან ყველას. ღიზიანდებიან, რომ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. დემოკრატიას ალტერნატივა არა აქვს. დემოკრატიის შემდეგ არის ტირანია.
ამ კანონის მიღება, ჩემი აზრით, მაინც იმას ემსახურება, რომ ყველანი ვიყოთ უკიდურესად დაძაბული, გაღიზიანებული და ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება დავიწყოთ. შარშანდელი შეთანხმება, რომ ასე ხელის ერთი მოსმით გააუქმეს, მიუთითებს, რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ხრამი, უფსკრული. ქართველი საზოგადოება ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით ჩემი შვილების თაობა. არც ისე დიდი ხნის წინ, მწერალთა სახლში გაიხსნა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და მე იქ ვკითხულობდი, პაოლო იაშვილის ცოლის წერილ-მოგონებას. იხსენებს იმ დღეს, როცა პაოლომ თავი მოიკლა, მხოლოდ გიორგი ლეონიძე ჩამეხუტაო. წარმოიდგინეთ, როგორი შიში იყო დასადგურებული, რომ კაცმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა და მისმა მოძმეებმა მის შვილსა და ცოლს სამძიმარი ვერ გამოუცხადეს. ეს რამხელა მორალურ დეგრადაციასა და ტრაგედიაზე მეტყველებს! იგივე გველოდება ახლაც. ერთმა ჩემმა ნაცნობმა დეპუტატმა თქვა, ეს კანონი რომ არ მიგვეღო, დაგვენგრეოდა ქვეყანა თავზეო. რატომ დაინგრევა ქვეყანა ამ კანონის გარეშე? რა არის ამის უკან? ქვეყანა გახლეჩილია, ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ტელეგადაცემებში არ სხდებიან ერთად, სუფრაზეც კი აღარ პატიჟებენ ერთმანეთს, ისე არიან დაპირისპირებული. “ოცნების” დეპუტატებს შეიძლება მართლაც არა აქვთ გაცნობიერებული, რასთან არის ეს ყველაფერი კავშირში და როცა ამბობენ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროპაო, მაგაზე ვგიჟდები. ჩვენი წინაპრების, იმ საოცარი ადამიანების, ვინც ეს ქვეყანა დააყენა ევროპულ რელსებზე, ილიამ, ნიკო ნიკოლაძემ და ასე შემდეგ, მათთვის ეს იყო თვითმიზანი. ესენი კი ცდილობენ ჩამოგვაშორონ ამ მიზანს და რაღა დარჩება? თითქოს სპეციალურად გვიკეთებენ, რომ ამ ყველაფერს ჩამოვშორდეთ. მე მიმართავ კიდევ ერთხელ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ იზიარებს ჩვენს პოზიციას: შეხედეთ რა ხდება რუსეთში. აი, ასე დაიწყო ყველაფერი იქაც. გვახსოვდეს ჩვენი წარსული, კარგად გავაანალიზოთ ყველაფერი და მომავალში კიდევ უარესი შეცდომები აღარ დავუშვათ, თორემ უსამშობლოდ დავრჩებით!” – აცხადებს კასრაძე.