“სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ნამდვილად იქნება” – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა, ია მეურმიშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
როგორც “ამერიკის ხმის” ყოფილმა კორესპონდენტმა თქვა, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა განიხილავდეს იმას, თუ კონკრეტულად რომელ პირებს უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები.
”მეთიუ მილერის განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო ჩემთვის. მას არ უთქვამს, რომ სანქციები არის დაწესებული, თუმცა თქვა, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა შემუშავებულია. შეიძლება, ახლა მიმდინარეობს განხილვა, თუ ვინ უნდა მოხვდეს ამ სანქციების ქვეშ. ალბათ, არსებობს რაიმე ფორმის სია, რომელზე დაყრდნობითაც იხელმძღვანელებს სახ.დეპი. მთავარი, რაც თქვა მან არის ის, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სანქციები ნამდვილად იქნება”, – ამბობს ია მეურმიშვილი.
დაუწესდებათ თუ არა სანქციები კანონის მიმღებ “ოცნების” დეპუტატებს – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
“გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს” – აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის გუნდის ლიდერებს შესაძლოა, სამომავლოდ ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეთ.