ამჟამად ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია გადასული. მაისის თვეში „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 470 სტუმარს უმასპინძლეს, საიდანაც 75% უცხოელი ტურისტია, 25% კი, ადგილობრივი. 2023 წლის მონაცემებით, ასოციაციაში გაწევრიანებულმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 3800 სტუმარს უმასპინძლეს.
კომპანია ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და რეგიონში ტურიზმის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება „ასოციაცია ჩაის გზის“ მხარდაჭერა. პროექტი ერთის მხრივ გურული ჩაის ბრენდის შექმნას, მეორეს მხრივ კი, ჩაის წარმოებაში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარება აიმაღლონ ცოდნა და გამოიყენონ არსებული ბიზნესი ტურისტების მოსაზიდად, რითაც მათ ეძლევათ რეალური შესაძლებლობა მიიღონ შემოსავალი დივერსიფიცირებული არხებიდან და ასევე, საზოგადოებაში აამაღლონ ცნობიერება გურული ჩაის მიმართ.
კომპანია ბახვი ჰესი მესამე წელია თანამშრომლობს „ასოციაცია ჩაის გზასთან“, რომელიც თავის მხრივ დაკავებულია გურული ჩაის ბრენდის და გურიაში მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ჩაის ერთიანი ხარისხის სტანდარტის შექმნით, ასევე, ამ ბიზნესის წარმომადგენლების გაძლიერებით.
„მესამე წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ეფექტზე, რაც ამ სამწლიანმა მუშაობამ მოგვცა. ჩაის მწარმოებლებმა საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახადეს თავიანთი საქმიანობა, მოეწყო დეგუსტაციის ოთახები, დაიწყეს სტუმრების გამასპინძლება, რაც თავისთავად გახდა შემოსავლის დამატებითი წყარო. ასევე, არსებულ სამოსახლოებსაც, (სკიჯის სახლი, დავით თენიეშვილის მეურნეობა, სამზეურა და სხვ.) რომლებიც უკვე მუშაობდნენ ტურისტების მიღება-გამასპინძლობაზე, შევთავაზეთ დაემატებინათ ჩაის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, თავისი ხელით მოამზადონ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებული ჩაი, დააგემოვნონ არსებული ჯიშები და მიიღონ სიამოვნება. ვიცით, რომ დღეს ტურიზმი თავიდან ბოლომდე გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული. ერთია, როცა ათვალიერებ ახალ ადგილს და უფრო ეფექტიანია, როცა თავად ქმნი რაღაცას და ეს სასიამოვნო მოგონებად ეწერება შენს ცხოვრებაში. ჩაის კულტურის პოპულარიზაცია და გურიის და ჩაის ერთმანეთთან დაკავშირება ხელს შეუწყობს ქართული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გურული ჩაის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, „ასოციაცია ჩაის გზა“ მეწარმეებთან ერთად წლის მანძილზე იღებს სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობას. ესეც ცხადია, დამატებითი საშუალებაა პროდუქტის რეალიზაციისთვის. ეწყობა ლექცია – სემინარები, გასვლითი ტურები. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს შორის. ამან ძალიან გაამართლა. ცოდნის გაზიარება ხომ ფრიად მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის როლი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვასუბსიდირებთ „ასოციაცია ჩაის გზას“ და ვცდილობთ, სარგებელი იყოს ხელშესახები და თვალსაჩინო“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორმა.
„ასოციაცია ჩაის გზის“ მხარდამჭერები არიან ბახვი ჰესი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების უზრუნველყოფის პროგრამა.