რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI აქტს შეეხო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კომიტეტს მადლობა გადაუხადა “დიდებული ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტის” განხილვისთვის.
“ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. ომის დამნაშავე პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს გააკეთა ომის კრიმინალმა პუტინმა და არ ყოფილა შთაგონებული რაიმე სხვა ალიანსის მიერ. მე მოვინახულე ქართული ქალაქი გორი, ჩემი თვალით ვნახე პუტინის უკანონო ძალები. მე ასევე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი დედაქალაქ თბილისში ვიზიტით, როგორი შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს იქ.
მე მყავს 4 ვაჟი, რომლებიც ოკეანის გადაღმა მსახურობდნენ ქართველ სამხედროებთან ერთად. დავადგინეთ, რომ ისინი ძალიან გამბედავები და მოქნილები არიან. ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, პუტინის უცხოელი აგენტის კანონი თავდაპირველად მიღებული იყო იმისთვის, რომ შეეზღუდათ რუსი ხალხი. ომის კრიმინალი პუტინი არეკლამებს ამ ღალატს, პარალელურად ცდილობს დანგრეული საბჭოთა კავშირის აღდგენას, რათა ისარგებლონ ოლიგარქებმა.” – თქვა უილსონმა.
უილსონის თქმით, ამერიკელი ხალხი ხედავს, რომ მოლდოვაში ჯარის დატოვებით, საქართველოსა და უკრაინაში ომის დაწყებით, სომხეთსა და ბალტიისპირეთზე მუქარით პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. მისივე თქმით, ამერიკელი ხალხი იმასაც ხვდება, რომ წარსულში ცალკეული კონფლიქტები საბოლოოდ მსოფლიო ომებში გადაიზარდა.
უილსონმა ხაზი გაუსვა, რომ MEGOBARI აქტი მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი არჩევნების კონტექსტში.
“ჩვენ ვიცით, რომ MEGOBARI – ეს კონკრეტული კანონპროექტი – ქართლად ნიშნავს მეგობარს და MEGOBARI აქტი წამოყენებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანია ინარჩუნებს… აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავდროულად ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ ხედვას საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენით. ეს კანონპროექტი ასევე მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მომავალი ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.” – თქვა უილსონმა.
უილსონმა მადლობა გადაუხადა სენატორ ჯინ შაჰინსა და ჯიმ რიშსაც, საქართველოს მიმართ მუშაობისთვის. კონგრესმენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა ორპარტიულია. უილსონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი კანონად იქცეს არჩევნებამდე, რომელშიც “საქართველოს მომავალი გადაწყდება”.
“ახლა, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გავგზავნოთ მეგობრობისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და უზრუნველვყოთ, რომ ყოველი ქართველი გაიგებს, რომ მათ გვერდზე ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტს. ომის დამნაშავე კრიმინალმა პუტინმა ვერ უნდა შეძლოს საბჭოთა კავშირის აღდგენა ოლიგარქებისთვის.” – თქვა უილსონმა და დაამატა, რომ პუტინი საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
“MEGOBARI აქტი” მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.