საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამჟამად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია.
“27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”. – საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის მიხედვით, თქვა ელჩმა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჟურნალისტებთან.
ღონისძიებაზე ელჩმა, როგორც 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.
“წელს ჩვენი ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულ კონტექსტში იმართება, რადგან საფრანგეთი პარიზში უმასპინძლებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, რომლებიც ორ კვირაში დაიწყება. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ყველა ერს, მათ შორის ქართველ მეგობრებს ვუსურვოთ ბევრი გამარჯვება. ახლახან საქართველომ წარმატებები მოიპოვა ფეხბურთში. ვუსურვებთ გამარჯვებებს სპორტის სხვა სახეობებში, და რასაკვირველია, ვუსურვებთ წარმატებას ევროპულ გზაზე. ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია”. – აღნიშნა მან.
გუშინ, 10 ივლისს გერმანიის ელჩმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში “ძალიან რთული მომენტი” დადგა.
“საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში”. – აღნიშნა ფიშერმა.