პარტია ”ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე აქტორთან, მათ შორის, პარტიებთან და კონკრეტულ პერსონებთან მოლაპარაკებების რესურსი არჩევნებზე მათ გაერთიანებაში შესაერთებლად ჯერ კიდევ არსებობს და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
“წინასწარმეტყველებები ვერ მექნება, მოლოდინები და სურვილები მექნება და მაქვს. არა იმიტომ, რომ ვინმე მოვისაკლისეთ, ან განსაკუთრებულად დრამატულად განვიცდით, რომ კიდევ უფრო მეტნი არ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ახლაც მეტი ვყოფილიყავით და კარგი იქნება, თუ ჩვენ ერთიან კოალიციაში [მეტნი ვიქნებით]. არის კიდევ რესურსი დარჩენილი – რამდენიმე აქტორი, არა მარტო პარტიები, სხვათა შორის, პერსონები, პოლიტიკოსები, შეიძლება არაოფიციალურად პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, მაგრამ, აზრის ლიდერები – ასეთ ადამიანებს დიდი სიამოვნებით ვისურვებდით ჩვენს გვერდით. […]
მოლაპარაკებები იქნება დიდი ხნის განმავლობაში კიდევ, ეს მიმდინარე პროცესია […] ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დანაკლისის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, სწორი კონფიგურაციაა. ჩემი აზრით, ამ კონფიგურაციას აქვს თავისი უნიკალურობა იმით, რომ ნამდვილად თან სინერგია არის ციფრებში და თან ძალიან დიდი თანხვედრაა ფასეულობებში და იდეოლოგიაში”. – თქვა გვარამიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში.
მანვე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის კანდიდატურაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარამიამ არ დაადასტურა, რომ ლელოსთან თანამშრომლობა გილაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმების მიუღწევლობის გამო ვერ შედგა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თავად ყოფილ პრემიერმინისტრთანაც არ არსებობს.
“გილაურის ამბავი რომ იყოს, მე გილაურის კაბინეტში ვიყავი მინისტრი. იმიტომ არა, რომ მე მინისტრი ვიყავი – ციფრებით, ჩემი შთაბეჭდილებებით საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობებში, შეფასებებით საერთაშორისო აქტორების, გილაური იყო ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერმინისტრი. ბედნიერი ვიქნები, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს გილაურისნაირი პრემიერმინისტრი ოდესმე. როგორ დავაყენო გილაურის პრემიერმინისტრობის საკითხი, როდესაც მისი თანხმობა არ არსებობს ბუნებაში, საერთოდ?” – თქვა გვარამიამ.
ახალმა და დროა-გირჩი მეტი თავისუფლებამ საარჩევნოდ გაერთიანების შესახებ ინფორმაცია 9 ივლისს გაავრცელეს.