ექიმები გეგმავენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ახლა მთავარი მისი სიცოცხლის გადარჩენაა.
ექიმების იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტისგან მხარდაჭერას მიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სააკაშვილის მდგომარეობის გართულებაზე, სწორედ მას აკისრებენ.
“ჩვენი მესამე პრეზიდენტი, მხედართმთავარი, უკვე იფერფლება, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდად არის. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ მეხუთე პრეზიდენტმა გადაარჩინოს, მას აქვს ამის ყველა ბერკეტი. […] ჩვენ ვითხოვთ, რომ ის გადაყვანილ იქნეს სპეციფიკურ კლინიკაში, არა საქართველოში, უცხოეთის შესაბამის კლინიკაში. წუთი წუთზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, მერე იქნება გვიან, ერთი პრეზიდენტი ხომ მოვკალით პრინციპში, ახლა მეორეს ვკლავთ კიდევ?!” – ამბობს აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ეს ერთადერთი გამოსავალია მის გადასარჩენად. მელია ზურაბიშვილს მიმართვას და მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს.