უკანონო მშენებლობის ბუმი ბახმაროში – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სკანდალში ეხვევა. ტვ პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.
სამინისტრო ბახმაროში 14 წლის წინ დაკანონებული მიწის ნაკვეთების უკან დაბრუნებას ითხოვს, რის გამოც 300-მდე ადამიანს მათ მფლობელობაში არსებულ ქონებას ართმევენ.
კერძოდ, საუბარია 2010 წელს მოსახლეობისთვის კანონიერად გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, კოტეჯებსა და სახლებზე, რომლის უკან დაბრუნებასაც ახლა ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს.
ჩოხატაურის ვიცე-მერი, მაია კუტუბიძე ადასტურებს, რომ უკანონო მშენებლობებს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა სასამართლო დავასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
”რას ნიშნავს გვიჩივლა? მე არ ვიცი. ალბათ, კანონიერად მოითხოვს და ჩვენც დავემორჩილებით. რაც იქნება საჭირო გავაკეთებთ იმას. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, ნამდვილად არის. დადგენილებებია გამოტანილი დემონტაჟზე, გადაცემულია საქმეები სააღსრულებოზე. პროცესი მიდის. თუ დადგენილია ბინის მეპატრონე, რომელმაც ააშენა, ის გადაეცემა სააღმსრულებლოს”, – ამბობს კუტუბაძე.
კითხვაზე, ვინც უკანონო მშენებლობის საბუთები გასცა, როგორ აღმოჩნდა დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშნული, კუტუბაძე ამბობს, რომ შოთა სირაძემ მისი პასუხისმგებლობა მოიხადა.
”შოთა სირაძემ საკუთარი პასუხისმგებლობა მოიხადა, ყველაფერი მის მიმართ გატარებულია და სავსებით კანონიერად არის. ეს რად გინდა ეხლა, აქ. შოუს დგამ ახლა სირაძეზე რომ დამიწყე ლაპარაკი. თუ საჭირო იქნება მოიკვლევენ და ესე იგი არ არის საჭირო ხომ”, – ამბობს მაია კუტუბიძე.