1000-მდე გაუქმებული ფრენა, გაჩერებული საავადმყოფოები, ბანკები და რკინიგზა – პირველი უდიდესი გლობალური გათიშვა

დღეს დილით გლობალური ტექნიკური გაუმართაობის გამო მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიური სისტემები მწყობრიდან გამოვიდა, რასაც რამდენიმე ქვეყანაში დაწესებულებების, მათ შორის აეროპორტების, საავადმყოფოების, ბანკებისა და მედიაორგანიზაციების გაჩერება მოჰყვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ავიაკომპანიამ საშინაო და საერთაშორისო ფრენები შეაჩერა, ავსტრალიაში კი, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა, ტექნიკური გაუმართაობა შეეხო სამაუწყებლო ქსელებსა და სუპერმარკეტებს.

ამ გლობალური გათიშვის მიზეზი მალევე დადგინდა და კიბერთავდასხმაც გამოირიცხა. როგორც გაირკვა, ინციდენტი ანტივირუსული პროგრამის განახლებაში არსებულ ხარვეზს უკავშირდება, რაც კიბერუსაფრთხოების ფირმა „კრაუდსტრაიკმა“ უკვე დაადასტურა და ბოდიშიც მოიხადა. „პრობლემა დადგინდა, იზოლირებულ იქნა და მოგვარებულია. მოვუწოდებთ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ კომუნიკაცია ჩვენს ფირმასთან ოფიციალური არხებით“, – ნათქვამია კრაუდსტრაიკის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, პრობლემის მოგვარებამდე ინციდენტმა მსოფლიოში საკმაოდ დიდი შეფერხებები გამოიწვია, მათ შორის აეროპორტებში, რკინიგზასა და საგზაო ტრანსპორტშიც კი. სისტემის გათიშვა მოხდა ევროპაში, ამერიკასა და გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. შეერთებულ შტატებში ყველა რეისი გააუქმეს ავიაკომპანიებმა „იუნაიტედმა“, „დელტამ“ და „ამერიკა ეარლაინსმა“. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ათასამდე ფრენა გაუქმდა.

კომპანია „კრაუდსტრაიკში“ აცხადებენ, რომ შეცდომა უკვე გასწორებულია, თუმცა გარკვეული დრო უნდა გავიდეს, სანამ მსოფლიოს მასშტაბით ყველა სისტემა დაიწყებს მუშაობას. კომპანიების „ტესლასა“ და „X“-ის მფლობელმა ილონ მასკმა დღევანდელ ინციდენტს ისტორიაში უდიდესი კიბერგათიშვა უწოდა და მართლაც, არც ერთ სხვა მსგავს ინციდენტს წარსულში ამდენი ადამიანი და ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ დაუზარალებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share