პროკურატურამ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ”გურიის მოამბის” დამფუძნებელსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობისა და პროფესიული ნიშნით დევნის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დღეს დააკავა. “მთავარი არხის” ჟურნალისტს – ლადო მენაბდესა და ოპერატორს – მანუჩარ მჟავანაძეს გუშინ, 25 ივლისს, სოფელ სუფსაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.