ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.
“სანამ რუსეთის ფედერაცია თავისი უკანონო ქმედებებით ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას გააგრძელებს, რაც საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა, შესაფერისია, რომ ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ყველა ზომა შენარჩუნდეს და საჭიროების შემთხვევაში ახალი ნაბიჯებიც გადაიდგას”. – წერია საბჭოს განცხადებაში.
სანქციები ამჟამად, მათ შორის, მოიცავს რუსეთის ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით გადატანილი ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვასა და EU-ში კრემლის მიერ დასპონსორებული რამდენიმე სადეზინფორმაციო საშუალებისთვის ლიცენზიის შეჩერებას.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 14 პაკეტი მიიღო.
24 ივნისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო, რომელიც, მათ შორის, რუსულ გაზზე შეზღუდვებს პირველად ითვალისწინებს.
სანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა. ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიღებული ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდით ავლას კიდევ უფრო გაართულებს.
სანქციათა პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს დამატებით 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართაც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე.
შეიზღუდება პარტიების, ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია-საშუალებების მიერ რუსული დაფინანსების მიღებაც; აიკრძალება SWIFT-ის რუსული ანალოგის, რუსეთის ცენტრალური ბანკის სერვისის “ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის” (SPFS) გამოყენება.