„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეიძლება ჩაიშალოს, თუ რუსეთი ჩვენზე გავლენას მოახდენს“ – მურმან მარგველაშვილი

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეიძლება ჩაიშალოს, თუ რუსეთი ჩვენზე გავლენას მოახდენს და ამ გავლენას დავექვემდებარებით“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

თუ რა მნიშვნელობისაა აღნიშნული პროექტი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის და როგორია მისი განხორციელების პერსპექტივები, ამ საკითხებზე ენერგეტიკოსი ინტერვიუში გვესაუბრა.

რა ვიცით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ?

ეს არის ორი კაბელი, რომელიც ერთმანეთისგან გარკვეული დაშორებით იქნება ჩადებული შავი ზღვის ფსკერზე, სიგრძით 1150-1200 კმ-მდე. ეს კაბელები იქნება გადებული ანაკლიის სიახლოვიდან და გავა რუმინეთში. პროექტის პირველი ეტაპის შესწავლა გაკეთდა და სიმძლავრე არის 1000-1500 მეგავატი. სავარაუდოდ, ეს სიმძლავრე ვერ იქნება მუდმივი. ამას აქეთ მხარეს საკმაოდ კარგი მზაობა სჭირდება, რაც პირველ ეტაპზე, შეიძლება ვერ იქნას უზრუნველყოფილი.

ეს არ არის ისეთი პროექტი, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოება განაპირობოს, მაგრამ არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ეს არის ჩვენი პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ევროკავშირთან. ამან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კიდევ სხვა პროექტებს. ევროკავშირი დაინტერესებულია, როგორც ისინი ამბობენ, მწვანე ენერგიით. ეს შეიძლება იყოს მწვანე წყალბადი, მწვანე ამიაკი, რომელთა ტრანსპორტირება შეიძლება აქედან მოხდეს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეს უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ენერგეტიკული დერეფნის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის კაბელთან ერთად იქნება მონაცემთა გადაცემის კაბელი, რომელიც პირდაპირ ევროკავშირთან დაგვაკავშირებს და არ იქნება სხვა ქვეყნების გავლით.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის ექსპორტი საათობრივი ფასებით განხორციელდება, რა მნიშვნელობისაა ასეთი ტიპის ვაჭრობა?

ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, რადგან არ არის გარკვეული ის, თუ რამდენი იქნება ჩვენი ენერგია. აზერბაიჯანი არის ძალიან დაინტერესებული, სომხეთი გამოთქვამს ასევე სურვილს. იურიდიული დოკუმენტები ჯერ არ არის და ვნახოთ, როგორ გადაწყდება, მაგრამ, კარგი იქნება, თუ საათობრივი ფასებით მოხდება ვაჭრობა. ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში განვითარდეს ენერგეტიკული ბირჟა, რადგან მისი ერთ-ერთი სარგებელი არის სწორედ ელექტროენერგიის საათობრივი ფასები. ის მოგვცემს ფასების ისეთ სიგნალებს, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა პერიოდებში ენერგოეფექტურობა ამუშავდეს ან სხვანაირი გენერაციის და დაბალანსების მოწყობილობები გაჩნდეს. თუ საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა განვითარდება და ასევე ამოქმედდება რეგიონული ბაზარი, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება, რადგან მხოლოდ საქართველო ამას ვერ უზრუნველყოფს.

რატომ შეიძინა შავი ზღვის კაბელის პროექტმა ახლა განსაკუთრებული აქტუალურობა?

ეს პროექტი ჩვენი სპეციალისტების მხრიდან დიდი ხნის წინ განიხილებოდა. 2010-2015 წლებში ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდით მას, რადგან დიდ ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და ბოლომდე ჯერ დღესაც არ ვიცით, რამდენად შესრულდება. რამდენიმე წელია, რაც პროექტის კვლევები სახელმწიფო ორგანიზაციებმა აიღეს ხელში. როგორც ვიცი, აზერბაიჯანი გამოთქვამს სურვილს, რომ კვლევის მომდევნო ეტაპი დააფინანსოს. ვნახოთ, რა დადგინდება და როგორი ტექნიკური შესაძლებლობები გამოიკვეთება.

აქ მთავარი საკითხი იქნება, რამდენად შევძლებთ ამ სიმძლავრის კაბელების მუდმივად ჩვენი ენერგიით დატვირთვას. ჩვენი გენერაციის პირობებში ეს რთული იქნება. გააჩნია რა ფასები ექნება ახალი ჰიდრო და ქარისა და მზის სადგურების ენერგიებს. ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია მწვანე ენერგიის იმპორტით კლიმატის საკითხებზე საკუთარი ამბიციების გამო. ეს ფართო პროცესია, რომლის მონაწილეებიც ვართ ჩვენ. შესაძლოა ამას შემდგომში მოჰყვეს სერიოზული განვითარება და არა ერთი, არამედ ბევრი კაბელი ჩაიდოს და მწვანე ენერგიის დერეფანი შეიქმნას.

რა როლი აქვს აღნიშნულ პროექტს საქართველო-ვროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში?

ჩვენ თუ ვაპირებთ, რომ ვიყოთ განვითარებული, გამჭვირვალე, პროგრესული ევროპული ქვეყანა, ამისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა. საჭირო იქნება ტექნიკური და იურიდიული ბაზის ჰარმონიზება, რადგან ამ პროექტის შემდეგ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენ ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეები გავხდეთ. ამის პირობა კი ისაა, რომ ევროკავშირის მხრიდან ინტერესი მაშინ იქნება, თუ ჩვენ ასეთი ქვეყანა ვიქნებით. თუ სხვა გზებს და სხვა მიმართულებებს ავირჩევთ, თანამშრომლობა ევროკავშირის მხრიდან შეიძლება იყოს ამ სფეროში, ოღონდ ბევრად უფრო დაბალი დონის.

მოსალოდნელია, რომ რუსეთი ეცდება შავი ზღვის კაბელის პროექტი ჩაშალოს?

რუსეთს ყველაზე უფრო მეტად აწყობს თუ გულზე ხელს დავიკრეფთ და მოვკვდებით. თავის გავლენებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განავრცობს, მაგრამ გულზე ხელი არ უნდა დავიკრიფოთ და არ უნდა მოვკვდეთ. რუსეთმა, რა თქმა უნდა, შესაძლოა პოლიტიკური გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე.

ამას გააკეთებს რბილად. მე მგონია, რომ ეს მოხდება ისე, როგორც მოხდა ანაკლიის პორტის, ფოთის პორტის, მანამდე შუა დერეფნის რკინიგზასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს ისეთი ფორმებით, როგორიცაა გადაწყვეტილებების გადადება, პროცედურების გაჭიანურება და ა.შ. ეს წინააღმდეგობა შეიძლება სწორედ ასეთი რბილი ფორმებით გამოვლინდეს, რაც ძალიან ეფექტურად მუშაობს.

სამყარო ძალიან დინამიკურია დღეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და თუ რამის გაკეთება გინდა, ფეხი უნდა აუწყო და სწრაფად იმოქმედო. ასეთი გაჭიანურებები იქნება, რაც შეიძლება ძალიან თვალშისაცემი არ იყოს, მაგრამ შედეგს გამოიღებს. ასეთია გარემოს დაცვის საკითხები, სხვადასხვა პროცედურები და სხვა. თუ მკაფიო ნიშანი იქნება იმის, რომ ჩვენ რუსული ზეგავლენის ქვეშ ვართ, მოსალოდნელია, რომ იქნება გაჭიანურებები, შეფერხებები და ამის გამო ამ პროექტის განხორციელება შეიძლება ან ძალიან გადაიდოს, ან საერთოდ ჩაიშალოს. თუ, რა თქმა უნდა, იქნება ზეგავლენა და ამ ზეგავლენას დავექვემდებარებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share