ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად.
დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება მცენარეული საფრისა და ქვიშამიწისგან; მიმდინარეობს ტაძრის შიდა სივრცის დაღრმავება; ხშირი მცენარეული საფრისგან იწმინდება მდ. სკურდუმის პირას, ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში მდებარე კარიბჭე.
ამავდროულად, მიმდინარეობს ბაზილიკასა და მის სამხრეთით მდებარე კოშკს (№1 კოშკი) შორის არსებული სივრცის დაღრმავება და ბაზილიკის სამხრეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კოშკების (№1 და №6 კოშკები) დამაკავშირებელი გალავნის გათხრა-პრეპარაცია.
ნაქალაქარზე მუშაობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები, სააგენტოს თანამშრომლები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ინფორმაციისთვის: სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები 2022-2023 წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ა(ა)იპ ქართული ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილმამულო ბანკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ექსპედიციას უძღვება პროფესორი ვაჟა სადრაძე.
2022 წელს ჩატარებული გათხრების საფუძველზე დაზუსტდა ნაქალაქარზე გამოვლენილი ობიექტების მონაცემები. დადგინდა შიდაციხის გალავნის, მარტირიუმის, ბაზილიკის, სანათლავისა და გალავნის ურთიერთმიმართება.
2023 წელს ორივე ეტაპით ჩატარებული გათხრების საფუძველზე დაზუსტდა ნაქალაქარში ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შესასვლელი ხიდის ნაშთების ციხესთან მიმართება, ცალკეული ძეგლის სტრატიგრაფია და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქის მშენებლობის თანმიმდევრობა. გაირკვა შიდაციხის გალავნის, მარტირიუმის, ბაზილიკისა და გალავნის სტრატიგრაფიული ურთიერთმიმართება.
სააგენტომ 2022-2024 წლების არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სულ გამოყო 149 732 ლარი.
ძეგლი დიდი ხნის განმავლობაში (IV-VIII სს.) ფუნქციონირებდა და სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე მრავალჯერ არის გადაკეთებულ-აღდგენილი.