უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრანის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და ამას ბრძოლის ველი მოწმობს.

“ყველა ხედავს, რომ უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენი ჯარისკაცები არა მხოლოდ უძლებენ ოკუპანტების დიდ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის დასაცავად – ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის დასაცავად”. – თქვა ზელენსკიმ.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა, მაშინ როცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კურსკში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები “ითვისებენ ომის ახალ მეთოდებს”, მათ შორის დრონების გამოყენების სფეროში.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან “სანიტარული ზონის” შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share