“მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს” – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმების, გია და გელა რომელაშვილების მამამ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მისი შვილების სისხლი მტრის წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლაში დაიღვარა.
”მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს. ერთადერთი ამ ხელისუფლების რაც არ მომწონს რუსეთთან, იმიტომ რომ ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი არიან არა მარტო ჩემი მტრები, პირადად, არამედ ჩვენი საქართველოს მტრები“, – უთხრა “პირველებს“ რომელაშვილმა.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.