დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხეს.
წერილში იმ დაპირებების შესახებ არის საუბარი, რომელსაც მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას დაჰპირდა.
მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი, მონობაა და სიღარიბე.
ჩემო ამაყო, გაუტეხელო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ხალხო, თავისუფლების, გამარჯვების, ჩვენი გეგმების განხორციელების დრო მოვიდა.
არასდროს ყოფილა არჩევანი ასე მკაფიო, როგორც დღეს – ერთ მხარესაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს მონობა, სიღარიბე და შიშით ცხოვრება რუსეთთან ერთად.
ერთ მხარესაა ჩვენი ერთიანობა, ერთ მუჭად შეკვრა მთლიანი საქართველოსი, მეორე მხარესაა ქართული ოცნების სიძულვილი, დაპირისპირება და ხალხისგან დაცლილი, დაქუცმაცებული საქართველო.
ერთ მხარესაა ოჯახების პრობლემებზე მზრუნველი მთავრობა და მეორე მხარეს ქართული ოცნების კრიმინალური, კორუფციული კლანი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
პრობლემები ნამდვილად ბევრია, მაგრამ დაუძლეველი არა. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ.
მე თქვენ დაგპირდით საქართველოს კორუფციის და კრიმინალის გარეშე და მე დავამარცხე კორუფცია და კრიმინალი. მე თქვენ დაგპირდით ნიჭსა და დამსახურებებზე მორგებულ წესრიგს, 20 წელია, ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან, რა არის უნივერსიტეტში ჩაწყობით მოხვედრა, არ იციან უსამართლობისთვის თავის დახრა, ამიტომაც იბრძვიან ასე თავგანწირვით საკუთარი ევროპული მომავლისთვის.
მე თქვენ დაგპირდით საქართველოს ევროპაში და განვახორციელე რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, მე თქვენი გპირდებოდით ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას და ჩემი პრეზიდენტობის დროს დოლარში გამოსახული ეკონომიკა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, განახლდა ქალაქები და დაიგო გზები, მოვიდა შუქი და აშენდა უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულების განმავლობაში ერთად აღებული.
მე თქვენ დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენ გვერდით, უსამართლო პატიმრობაში.